ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია - „კუტოკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ თავიანთი ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია

ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია - „კუტოკებად" იქნებიან დაყოფილი თუ თავიანთი ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ყოფილ პრეზიდენტთან გაერთიანება იმიტომ არ სურთ, რომ იციან, „სააკაშვილს ძალაუფლება რომ ჩაუვარდეს ხელში, მისი პოლიტიკური ძალმომრეობის პირველი მსხვერპლი თავად იქნებიან". კიდევ ერთ მიზეზად ქადაგიშვილი ასახელებს იმას, რომ "სავარაუდოდ, ყველა ხედავს, სააკაშვილის ფიგურა საბოლოო ჯამში გამარჯვების ფორმულა ნამდვილად აღარ არის".

„ფაქტია, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციის ჯამი ერთად რომც შეაერთო, მაინც სასურველ შედეგს ვერასდროს მისცემს. ამიტომ, "კუტოკებად" იქნებიან დაყოფილი თუ თავიანთი ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია. ამას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, იმიტომ რომ იქ, რეალურად არის ერთი-ორი პროცენტის გარშემოა სხვადასხვა პარტიების რეიტინგი. ეს, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს არის სტატისტიკური ცდომილება. ანუ, ფაქტობრივად, შეიძლება, არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა "ნაციონალურ მოძრაობასაც" გაუჭირდებოდა. მათი შიდა დაპირისპირება აღარ არის საინტერესო ქართველი ამომრჩევლისთვის. ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი 2024 წელს გააკეთა, მათ შორის ამ პარტიების სასარგებლოდ. ეს პარტიები როგორც მოექცნენ ქართველ ამომრჩეველს, შედეგიც ისეთი აქვთ. რა თქმა უნდა, ახლა საქმე ერთმანეთში უნდა არჩიონ. აბა, ქართველ ამომრჩეველთან შეხება აღარ აქვთ. ალბათ, სააკაშვილთან გაერთიანება რამდენიმე მიზეზის გამო არ უნდათ. პირველი ალბათ ის, რომ ერთმანეთის ნდობა აბსოლუტურად აღარ აქვთ. მათ იციან, რომ პირობითად, სააკაშვილს ძალაუფლება რომ ჩაუვარდეს ხელში, მისი პოლიტიკური ძალმომრეობის პირველი მსხვერპლი ისინი იქნებიან. იმიტომ რომ, ის მათ ჩამოყალიბებულად მოღალატედ თვლის. ეს საკუთარი გამოცდილებით კარგად იციან, რადგან 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სააკაშვილი სწორედ თავისი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა პირველ რიგში და გარშემო ვიწრო ძალაუფლების ქვეშ არსებული ადამიანები დაიტოვა. ეს გამოცდილება მასთან ურთიერთობის გააჩნიათ და ამის სურვილი არ აქვთ. მეორე - მაინც ხედავს ყველა, რომ სააკაშვილის ფიგურა საბოლოო ჯამში გამარჯვების ფორმულა ნამდვილად აღარ არის," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ მასთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარ დარჩათ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, რადგან ეს მათ მომხრეებს არ სურთ და ამბობენ, რომ მიშა ერთიანობის ჩამშლელია“.

„დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ - ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა, საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით ან გავქრებით," - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა