ვენის კონვენცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის ელჩებთან შეხვედრას გამოეხმაურა.
„ჩვენ საფრანგეთის ყოფილ ელჩთან შეხვედრა ადრეც გვინახავს. ვნახეთ ტურისტული რუკების გამართვისთვის აძლევდა გრანტს გიორგი კანდელაკს. საზოგადოებას კარგად წარმოუდგენია, ყბადაღებული „ნაცი", ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის აპოლოგეტი გიორგი კანდელაკი, როგორ დახარჯავდა ფულს ამ ტურისტული რუკების გამართვაში. როგორც ჩანს, დღესაც არის მცდელობა, რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა მოხდეს რაღაც გარკვეული შეხვედრები რადიკალებთან. ბუნებრივია, ვენის კონვენცია ამ ყველაფერს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში," - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.