ირაკლი კობახიძე - ვქმნით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტი იქნება

დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს შემდგომი მხარდაჭერა ესაჭიროება.

„ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კორპორაციას ექნება გაცილებით უფრო ფართო მანდატი და ის „არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან ერთად გაერთიანების გზით თანამედროვე მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება“.

„კორპორაცია მხარს დაუჭერს ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები.

კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით.

საბოლოოდ მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად.

ჩვენი პრიორიტეტია თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა