მას [მამუკა მდინარაძეს] ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანთან მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ მდინარაძეს გუნდისა და ქვეყნისთვის გაკეთებული „ყველა კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა“.
„მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება საქართველოს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე არაერთგზის გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ექსკლუზიურად საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.
„ამას შესაბამისი უწყებები იძიებენ და შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. უფლებაც არ მაქვს კომენტარი გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ საკითხებზე ექსკლუზიურად გადაწყვეტილებას იღებენ საგამოძიებო ორგანოები“.- განაცხადა კობახიძემ.