ვნახე უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებული პირი, ვინც თქვა, რომ უკრაინაში ხალხი იღუპება, რადგან აშშ უარს ამბობს მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე - ეს სკანდალურია. ეს აღმაშფოთებელია. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის ზუსტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა არსებობდა შიდა პრობლემა, რამაც მათ ხელი შეუშალა მიწოდებული ინფორმაციის მიღებაში, სისტემატიზაცია და მასზე რეაგირებაში.
„შესაძლებელია. ჩვენ ამას განვიხილავთ. ჩვენი ინფორმაციით, 13 და 18 რიცხვებში მომხდარი, ტექნიკური ხასიათის საკითხი იყო”, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც სამხედრო უწყება უკრაინასთან აკეთებდა, იგივე დარჩა და არ შეცვლილა.
„განზრახ არ ვამბობთ უარს უკრაინისთვის ჩამჭრელების მიწოდებაზე. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ ბალანსი უნდა დავიცვათ -ერთი მხრივ, სხვა პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ობიექტების საჭიროებებსა და მათთვის დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს შორისაც”, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი პასუხობს მინიშნებას, თითქოს ის განზრახ აკეთებს რაღაცებს უკრაინისთვის ზიანის მისაყენებლად - რაც არც სამართლიანია და არც სიმართლე.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი უნდა დასრულდეს, არის ის, რომ უკრაინის ელექტროქსელი განადგურების პირასაა.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი უნდა დასრულდეს, არის ის, რომ უამრავი ადამიანი იხოცება, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი უნდა დასრულდეს არის ის, რომ უკრაინის ელექტროქსელი განადგურების პირასაა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი უნდა დასრულდეს, არის ის, რომ უკრაინაში წინსვლის მცდელობისას ყოველთვიურად 20-25 ათასამდე რუსი იხოცება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია”, - აღნიშნა რუბიომ.