ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე - გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის

2022 წელს ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რამაც ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის აუქციონზე გამოტანას.

მისივე თქმით, წყალტუბოს რეაბილიტაციის განხორციელებას „დე-ფაქტო სანქციებმა შეუშალა ხელი“, თუმცა დღეს ყველანაირი რესურსია, რომ კურორტი განვითარდეს.

„2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციას მოახდენდა, ამის შემდგომ იყო 2020-2021 წლები კოვიდის პერიოდი, შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები. მათ ხელი შეუშალეს ახალი ინიციატივების განხორციელებას. ამაში წყალტუბოს ინიციატივა ლოგიკურად მოიაზრება, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ის აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის.

ზოგადად დე-ფაქტო სანქციები ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, თუმცა ამის მიუხედავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სასტუმროც ამის ერთ-ერთი მაგალითია და არა მარტო. მას ტურიზმის სექტორში აქვს უამრავი ძალიან მასშტაბური ინიციატივა განხორციელებული, რამაც თვისებრივად შეცვალა ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები და ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში გააძლიერა. სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს არასდროს არ ერიდება, პირიქით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ინიციატივებით გამოდის.

რაც შეეხება წყალტუბოს, ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენეთ. წყალტუბოს განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და ეს აუქციონი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ ინიციატივის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილ სანატორიუმს აუქციონზე ყიდის.

Bpn-ის ინფორმაციით, გამოქვეყნებული განაცხადებიდან ირკვევა, რომ ქონების სააგენტომ ყოფილი სანატორიუმები გასაყიდად აუქციონზე 15 ოქტომბერს გაიტანა. დასრულების ვადად კი 13 ნოემბერია განსაზღვრული.

ამასთან, აუქციონების თანახმად, ამ ქონებების ჯამური ღირებულება 49.318 მლნ ლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა