იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროსეტოს განცხადებით, შაბათ-კვირას მილანსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში დაწყებული არეულობა დასავლეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ შედეგია.
„მილანსა და იტალიის სხვა ნაწილებში მიმდინარე მოვლენები ფუნდამენტურად განსხვავდება იმისგან, რაც წინა ეპოქებში ხდებოდა. ეს იმის შედეგია, რასაც მე „ჰიბრიდულ ომს“ ვუწოდებ - კონფლიქტის ფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარეობს არატრადიციული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა TikTok-ი, სოციალური ქსელები და YouTube“, - განაცხადა კროსეტომ.
მისი თქმით, დასავლეთს ეს ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია.
„დასავლეთმა ეს ჯერ ვერ გააცნობიერა და არანაირი მნიშვნელოვანი საპასუხო ზომა არ მიუღია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს იტალიის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა. კვირას, 18 ოქტომბერს, საპროტესტო აქციების მეორე დღეს, მილანში იტალიის პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ქალაქის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მილანში 500 სამხედრო მოსამსახურის განთავსება იგეგმება. მედიის ცნობით, იტალიის მთავრობის საგანგებო სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, კომენდანტის საათის შემოღების შესაძლებლობაც განიხილეს.