საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, პროცესის ვიდეო-აუდიო გადაღებასა და სხვა მედიასაშუალებებისთვის სიგნალის მიწოდებაზე თანხმობა გაიცა.
უწყების განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.
აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე - პირდაპირი ეთერის რეჟიმში.
შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.