პატიმარ ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყიფიანი კატეგორიულად უარყოფს დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
მარიკა ფხალაძის განცხადებით, ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის ვატო ყიფიანს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც ყიფიანმა უთხრა, რომ არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა და მეტიც, ისინი ერთ საკანში არ იმყოფებიან.
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას.
ვატო ყიფიანის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“, - განუცხადა მარიკა ფხალაძემ “რადიო თავისუფლებას”.
კონტექსტისთვის შეგახსენებთ, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი "ვივამედში" თავდაპირველად 19 ოქტომბერს 21:00 საათზე შეიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.
უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
დღეს, 20 ოქტომბერს, დავით ფეიქრიშვილი კვლავ "ვივამედში" გადაიყვანეს, კლინიკაში აცხადებენ, რომ დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, რა დაზიანებებიც გუშინ არ ჰქონია, ხოლო მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და სტაბილურია.