სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარეს, ლი დონს შეხვდა.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუა, შანხაიში სავაჭრო პალატის წარმომადგენელი თორნიკე მელაძე, გუანდუნის პროვინციაში სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ბექარ მიქაბერიძე და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი ბექა ინჯია.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, სავაჭრო მისიებისა და B2B შეხვედრების ორგანიზება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით თანამშრომლობას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა (GIAC) და შანხაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს (SHIAC) შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს კომერციული დავების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტას და ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვას.
„ჩვენი მიზანია, ჩინელ პარტნიორებთან კომერციული დავების შემთხვევაში ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ საკუთარი ინტერესების დაცვის სწრაფი და ეფექტიანი შესაძლებლობა, რაც მათ ხელშეკრულების გაფორმებისას მეტ თავდაჯერებულობას შესძენს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.