ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დღეს თავდაცვას.
მან ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორია სასამართლო პროცესების მოლოდინი და რა უნდა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე ამ პროცესმა, თუ მმართველი გუნდის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
„ისინი [ოპოზიცია] ალბათ შეეცდებიან სანახაობრივი შოუ მოაწყონ იმიტომ, რომ სამართლებრივი არგუმენტები მათ თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი და ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები შეიძლება ასე არ მოიქცნენ, მაგრამ აქ ჩვენ უძლურები ვართ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ალბათ მიუთითებს, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ, იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არაფერ შუაშია. შუაშია ის, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა და ჩადის თუ არა ამჟამად. ამიტომ, ახლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ მართალია არაკონსტიტუციურია, მართალია კონსტიტუციას არღვევენ, მაგრამ მოდი მიზანშეწონილი არ არის და ხომ არ აგვეღო ამ საკითხზე ხელი, თვითონ მიდგომა არ არის სწორი იმიტომ, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს. ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
როგორც მან განმარტა, სანამ სახელმწიფო არ იქნებოდა მყარი საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მანამდე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება არ იქნებოდა სწორი, შესაბამისად, ამიტომ დადგა დღეს დღის წესრიგში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა.
„ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ვეთანხმებით ყველა ჩვენი გუნდიდან. ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, ვიდრე არ იქნებოდა მყარი, რომ თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი გაწეული არ იქნებოდა და სწორიც იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, თვითონ შენი სახელმწიფო დამარცხდება და ამიტომ ეს რისკი არ იქნა გაწეული.
ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ წლებში იყო, რა თქმა უნდა, დადგა ამის დრო და ჩვენ იმ დაკვეთას 1 200 000 კაცისა, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცედურას დავიწყებთ, ჩვენ ეს პროცედურა დავიწყეთ და შევუსრულოთ ის დაპირება 1 200 000 კაცს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.