„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ინსტიტუცია პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება რამდენიმე შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას და ჩვენი დასაბუთება არის შემდეგი - საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. რადგან თავად ამ სარჩელის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და მთლიანად არის პოლიტიკური, წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
პოლიტიკოსს სხდომაზევე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და მას არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი ლექსიკით საუბრისკენ მოუწოდა.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მესმის, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ბრძანდებით. თუ ასეთი ტიპის შეფასებები გაქვთ, სასამართლო არ არის ის ადგილი, რომ ამ ლექსიკით და ასეთი ფორმით ვისაუბროთ. თუ მოსამართლეთა მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა. თუ რაიმე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ძალიან გთხოვთ და ეს თხოვნა ასე არ გაგრძელდება, იძულებული ვიქნები წესრიგის დაცვის სხვა მექანიზმებს მივმართო. თუმცა ვართ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ, რომ ეს უხერხულიც იქნება. თუმცა თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მაშინ მე მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეეფერება სასამართლოს და განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ნადარაიამ.