ეს არის ისტორიული პროცესი და თითოეული ადამიანი, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას, 88 დეპუტატიდან დაწყებული, ჩვენებას აძლევენ საქართველოს, მისი ევროპული, დემოკრატიული მომავლის და საკუთარი თავის წინააღმდეგ. უბრალოდ დროის საკითხია, როდის დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნა, სარჩელიდან მათი პოლიტიკური ძალის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პარტიების აკრძალვას ემხრობიან.
“ეს ნამდვილად არის ისტორიული პროცესი. ასეთი რამ თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროს ნამდვილად არ ახსოვს, ეს არის იმის დადასტურება, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს განსხვავებული კრიტიკული აზრი. ჩვენი დამატებაც ამის დადასტურებაა. ჩვენმა დამატებამ განსხვავებული რა გააკეთა? გააკეთა ის, რომ ჩამოშალა ხელისუფლების პროპაგანდისტული ტყუილის ხაზი. ამბობდნენ, რომ ბოიკოტისებს კრძალავდნენ. ეს არ არის მიზანი. განსხვავებული კრიტიკული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მიზანი. ეს არის ისტორიული პროცესი, ის 88 ადამიანი, რომელმაც ამ სარჩელს მოაწერა ხელი, ყველა ადამიანს, რომელიც იღებს ამ არაკონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობას უნდა ესმოდეთ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ აძლევენ მტკიცებულებებს. უბრალოდ დროის ამბავია მათი პასუხისმგებლობის საკითხი როდის დადგება.
რაც შეეხება ცალკე გამოყოფას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეთანხმებით დანარჩენი პარტიების აკრძალვას. მიზეზია ის, რომ ჩვენს პარტიასთან მიმართებაში, “ქართულ ოცნებას” სარჩელში არ აქვს ახსნა იმ პროპაგანდისტული ხაზის, რომლითაც ცდილობს ხალხი და მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს ებრძვის რაღაც მონსტრს. ზოგადად, ამ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაცია, მასში ბოლო 5-6 წლის პოლიტიკური “მესიჯები” ჩაყარეს და დაარქვეს სარჩელი.
ეს არის ისტორიული პროცესი და თითოეული ადამიანი, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას, 88 დეპუტატიდან დაწყებული, საქართველოს წინააღმდეგ, მისი ევროპული, დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ არიან. ისინი თვითონ აძლევენ ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ. უბრალოდ დროის საკითხია, როდის დადგება მათი პასუხისმგებლობა. არავის ეგონოს, რომ ვინმე ერთს ამოეფარებიან. ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დადგება. ყველა ის პრეცედენტი, რომელიც მათ სატელევიზიო მედიისა და პროპაგანდისტული არხების საშუალებით გაახმაურეს, არის აბსოლუტურად არარელევანტური. ძალიან ერთეული შემთხვევები იყო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, საფუძველი კი უკრაინასა და ალბანეთის შემთხვევაში იყო ღიად პრორუსული და ტერორისტული მიზნების ქონა”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.