გიორგი ბუტიკაშვილი - პარტიების აკრძალვის შემდეგი ეტაპი იქნება პიროვნული აკრძალვა, ტელევიზიებსაც აღარ შეეძლებათ ასეთი პოლიტიკოსები მიიწვიონ - ქუჩაში დიდი პროტესტის, დაუმორჩილებლობის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ქვეყანაში დაგვედგომებოდეს

პროდასავლურ პარტიებს კრძალავს „ქართული ოცნება“ - ხუთივე პარტიას გაცხადებული აქვს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რომ უნდა ვითანამშრომლოთ დასავლელ პარტნიორებთან, აღვასრულოთ ისტორიული ვალი, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია აპირებს გააუქმოს ის პარტიები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ დათვლითვე, გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, 800 ათასზე მეტი ხმა მიიღეს“.

„ხშირად ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიების ასაკრძალი სარჩელი შეიტანა, რომელსაც ბოლომდე მიიყვანს, თუმცა კონტექსტი და შინაარსი არის განსხვავებული. რომელ პარტიებს კრძალავს „ქართული ოცნება“? პროდასავლურ პარტიებს კრძალავს. ხუთივე პარტიას გაცხადებული აქვს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რომ უნდა ვითანამშრომლოთ დასავლელ პარტნიორებთან, აღვასრულოთ ისტორიული ვალი, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს და გვქონდეს ბედნიერი მომავალი.

ამ პარტიებს, შინაარსობრივად პროდასავლურ პარტიებს კრძალავს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ დათვლითვე, გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, 800 ათასზე მეტი ხმა მიიღეს. აიკრძალა არჩევნებში მონაწილეობა უკვე ემიგრანტებისთვის, რომლებიც ასევე ევროპულ მომავალს ირჩევენ. ამ აკრძალვის ტრაექტორია აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ასე პირდაპირ არ ამბობს, რომ ის რუსეთის გავლენის ზონაა, მაგრამ მისი ყველა ნაბიჯი ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს გააუქმოს ქვეყანა, რომელიც ევროპის ნაწილია.

როდესაც პარტიების აკრძალვა დააანონსეს, თავიდან სარჩელში სამი პარტია იყო. პაპუაშვილს და კობახიძეს მაშინ ჰქონდათ განცხადება, რომ დანარჩენი პარტიები იმდენად უმნიშვნელოა ელექტორალური თვალსაზრისით, რომ „ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ და როდესაც გაიზრდებიან რიცხობრივად, შემდგომ შეიძლება დადგეს მათ აკრძალვის საკითხი“.

მათ არ სურთ, პროდასავლური ძალები რაიმე სივრცეში იყვნენ აქტიურები, გაიზარდოს მათი ელექტორალური ნაწილი. „ქართული ოცნებისთვის“ არსებობისთვის და იმ გეგმის შესასრულებლად, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს დავალებული, კომფორტულია, რომ არ არსებობდნენ პროდასავლური ძალები“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ელოდებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და პარტიების აკრძალვის შემდეგ, პერსონალურ დონეზეც მოხდება პარტიის წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.

„ველოდებით, რომ პერსონალურად მოხდება პირების პოლიტიკური აქტივობის აკრძალვაც. როდესაც „გრანტების შესახებ“ კანონი შეცვალეს, იქ გაწერილია დებულება - როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ცნობს დამნაშავედ პარტიებს იმ სარჩელის საფუძველზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა, ამ პარტიასთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური საბჭოს წევრი და ამ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანი პიროვნულად იკრძალება, ანუ აღარ მექნება უფლება, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მივიღო. ამავდროულად, იმ ადამიანებს, რომლებიც გრანტის სახით იღებდნენ შემოსავლის 20%-ზე მეტს დასავლური ინსტიტუტებიდან, ეკრძალებათ პოლიტიკაში ყოფნა შემდგომი 8 წელი. პარტია „თავისუფლების მოედანი“ 2025 წლამდე საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენდა, პოტენციურად „თავისუფლების მოედანი“ დაუშვებელი იქნება არჩევნებისთვის.

რა გამოდის? როცა საკონსტიტუციო სასამართლო პარტიებს აკრძალავს, შემდეგი ეტაპი, პიროვნული აკრძალვის შემდეგ, იქნება ის, რომ ტელევიზიებს აღარ შეეძლებათ მოიწვიონ ის ადამიანები ეთერებში, რომლებიც აკრძალეს. ანუ გამოდის რომ ეთერებში ისაუბრებენ ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უნდა, იყვნენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უნდა. მხოლოდ ისეთი არჩევნები ჩატარდეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილს უნდა. ეს ნიშნავს დიქტატურის გაფორმებას, სადაც ის ხდება და გადაიცემა, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა. რა ორმაგ სტანდარტზე საუბრობს კობახიძე, რა დასავლურ ჩარევაზე და გარე ძალებით ნაკარნახევ პროცესებს გულისხმობს, როცა პირდაპირ არღვევ სახელმწიფოს არჩეულ კურსს, იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი?

ეს მდგომარეობა სამომავლოდ გვიქადის იმას, რომ ჩვენ ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან და სხვა ავტოკრატიულ-დიქტატორულ სახელმწიფოებთან, სადაც ისეთივე სისტემაა, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მისი თქმით, „ავტოკრატიას როგორც კი გაიფორმებს ივანიშვილი, „ჯენზი“ თაობას ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუჭირდება“.

„ბრძოლის გზა, რომელიც ავირჩიეთ, იყო ის, რომ არ მიგვეცა ლეგიტიმაცია ბიძინა ივანიშვილის მოპარული არჩევნებისთვის და იმ პარლამენტისთვის, რომელიც ხალხს არ აურჩევია.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თავად მიიყვანა ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც დღემდე ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ კეკლუცობას პარლამენტში შესვლით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, იქამდე, რომ საბოლოოდ „ქართული ოცნება“ ანულებს სიტუაციას. ეს კი საზოგადოებას ცვლილების ერთადერთ საშუალებას, არჩევნების შესაძლებლობას უკლავს. ხალხი დაინახავს, რომ ჩართულობის გარეშე, ქუჩაში დიდი პროტესტის გარეშე, დაუმორჩილებლობის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ქვეყანაში დაგვედგომებოდეს.

ავტოკრატიას როგორც კი გაიფორმებს ივანიშვილი, „ჯენზი“ თაობას ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუჭირდება, რადგან ისინი თავისუფალ სამყაროს არიან მიჩვეულები და ვეღარ შეძლებენ თვითრეალიზაციას“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო განაჩენი უკვე დაწერილია.

„ჩვენს პარტიაში გამოკვეთილად არიან კონსტიტუციონალისტები. 200 გვერდზე მეტი საპასუხო ტექსტია შემუშავებული და „ოცნების“ მხრიდან ვინც არ უნდა იყოს წარმომადგენელი, თუნდაც ზებრა მიეყვანა „ქართულ ოცნებას“, განაჩენი, წინასწარ დაწერილია. ყველა განცხადება ამაზე მიუთითებს.

მანანა კობახიძის წასვლის შემდეგ, რომელმაც არიდება სცადა და არ გამოუვიდა, პროცესი სწრაფად განვითარდა. მანამდე ორ მოსამართლეს ელოდებოდნენ, რომ ვადა ამოწურვოდათ“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერების ელჩებთან შეხვედრას, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ მოსამართლეები და სარჩელზე ხელის მომწერი დეპუტატები სანქციების ქვეშ მოექცევიან.

„ისინი ცდილობენ, აჩვენონ, თითქოს დასავლეთი გვკარნახობს მოქმედებას, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით. ეს დაკვეთა იყო ისიც, რომ პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, ეს ხალხის მოთხოვნა იყო.

„ელჩებს აქვთ იმის მანდატი და უფლება, რომ შეხვდნენ ოპოზიციას და მოისმინონ ჩვენი შეხედულებები პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ შორის, საბოტაჟის საქმეებთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ კომპლექსს, რადგან თავად იმართება რუსეთიდან. ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც კარნახობენ.

„ქართულ ოცნებას“ აღარაფრის ეშინია, რადგან წინა კვირას ნახეს „წმინდანი“ და მადლი გადაეცათ. ამ შეხვედრის ფუნქცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ის იყო, რომ ამაში დაერწმუნებინა ლიდერები და წევრები, რომ ბიძინა კვლავ მართავს პროცესებს და მათი გადარჩენა შეუძლია.

რაც შეეხება რეაქციებს, პარტიების აკრძალვა არის უკიდურესი ზღვარი. პირველ რიგში, მოსამართლეები შესაძლოა აღმოჩნდნენ სანქცირების ქვეშ, ასევე „ოცნების“ წევრები, რომლებმაც ამ სარჩელს ხელი მოაწერეს, შესაძლოა სანქციების კუთხით მათ პრობლემები შეექმნათ.

თუ ქართველი ხალხი არ გაიაზრებს, რომ პარტიების აკრძალვა ეხება ყველას, დავრჩებით მარტო. დასავლეთი ვეღარ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და იტყვის, რომ საქართველო არის რუსეთის ნაწილი, რუსეთი კი ევროპისთვის, ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის არის ტერორისტული სახელმწიფო, ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებენ. დასავლეთი საბოლოოდ გაიაზრებს, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა და ისე მოექცევა, როგორც რუსეთს ექცევა, ამაში კი დამნაშავე „ქართული ოცნება“ იქნება ბიძინა ივანიშვილთან ერთად“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა