თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - გიორგი პაპაშვილის ქმედება განსაკუთრებულ სისასტიკედ არ უნდა შეფასებულიყო - განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

ცხადია, არ ვეთანხმებით განაჩენს არც კვალიფიკაციის ნაწილში და არც დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი პაპაშვილის ადვოკატმა დავით კუტალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გიორგი პაპაშვილის ქმედება განსაკუთრებულ სისასტიკედ არ უნდა შეფასებულიყო.

“მოსამართლის მხრიდან დასაბუთება არ მოგვისმენია არც სასჯელის და არც კვალიფიკაციის ნაწილში. როგორც მოსამართლემ განმარტა, დასაბუთება მის განაჩენში იქნება, რასაც ყურადღებით გავეცნობით. ცხადია, არ ვეთანხმებით განაჩენს არც კვალიფიკაციის ნაწილში და არც დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.

ეს არ კვალიფიცირდება განსაკუთრებულ სისასტიკედ”, - განაცხადა კუტალაძემ.

მისი განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლოში არაპირდაპირ განზრახვაზე მსჯელობდა და ასევე, კვალიფიკაციის 117-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით გადაკვალიფიცირებას ითხოვდა.

“117-ე მუხლი მათ შორის, შედეგობრივად ითვალისწინებს სიცოცხლის მოსპობასაც. როდესაც კვალიფიკაციაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიმსჯელოთ, რა სურდა ადამიანს, მას სურდა ვინმეს სიცოცხლის მოსპობა, თუ ჯანმრთელობის დაზიანება. გიორგი პაპაშვილის მიერ თაზო მთივლიშვილის მიმართ არაერთი ღონისძიება იქნა გაწეული, მათ შორის იმისთვის, რომ მოესულიერებინა და გონზე მოეყვანა. რაც შეეხება თავის ტრავმას, სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დაზიანება გარდაცვალებამდე 4 საათით ადრე არის მიღებული. გარდაცვალება თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგადაა დამდგარი, გარედან ეს ვიზუალურად არ ჩანს”, - განაცხადა კუტალაძემ.

კითხვაზე, ადამიანის მიტოვება და მისი გარედან ჩაკეტვა, შემდეგ გაქცევა და ქვეყნის დატოვება, რა კვალიფიკაციაში ჯდება, ადვოკატი ასე პასუხობს:

“გარდაცვლილი ადამიანის მიტოვება კვალიფიკაცია არ არის”, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, თუ რატომ არ დარეკა მსჯავრდებულმა 112-ში და თავად რატომ ცდილობდა მისი ჩვენების მიხედვით მთივლიშვილის გადარჩენას, კუტალაძე პასუხობს, რომ მსჯავრდებულმა რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.

“თქვენ რომ დაინახოთ ქუჩაში დაგდებული ადამიანი? თქვენ შეიძლება დარეკოთ, მაგრამ თუკი ეს მყისიერად საჭიროებს ზომების მიღებას, მაინც დაელოდებით?.. პაპაშვილმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მის ხელთ არსებული საშუალებები გონზე მოსაყვანად გამოიყენა, შემდეგ დარწმუნდა, რომ გარდაცვლილი იყო, მისივე ჩვენებით, ეს გახდა მიზეზი [რომ არ დარეკა]. გარდაცვლილი ადამიანისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება ყოველგვარ მიზანსაა მოკლებული”, - განაცხადა კუტალაძემ.

ცნობისთვის, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს.

თუმცა, მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯავრდებული ბაირამ ალი გსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ.

მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.

ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა