გიორგი პაპაშვილმა დანაშაულებრივი ქმედება - ძალადობა დილის საათებში დაიწყო და 6 საათის განმავლობაში ახორციელებდა სისტემურ ძალადობას, რამაც თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალება გამოიწვია. გიორგი პაპაშვილი ამას არ
დასჯერდა და ამ მდგომარეობაში მყოფი დაკეტილ სახლში დატოვა და წავიდა. ჯერ ქალაქი დატოვა, შემდეგ ქვეყანა, - ამის შესახებ 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა.
„ალბათ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრალდებული მინიმუმ, სინანულს გამოხატავდა საბოლოო სიტყვაში, თუმცა, მას სინანულიც არ გამოუხატავს საბოლოო სიტყვით საერთოდ არ ისარგებლა. ეს არის საქმე, როცა სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანად შეაფასა და დეტალურად გამოიკვლია მტკიცებულებები. საქმე, რომელიც 23 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ეხება, დიახ, ერთადერთ სასჯელს ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე კანონის შესაბამისად, სასჯელის სახეს და ზომას არ ითხოვს, სასამართლო პროცესზე დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებებით, თუ რა მდგომარეობაში ჩაიდინა გიორგი პაპაშვილმა დანაშაული, როგორ მოკლა განსაკუთრებული სისასტიკით თამაზ მთივლიშვილი, ნამდვილად ერთადერთი ადეკვატური სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იყო. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ალბათ, დაცვის მხარე ამ განაჩენს გაასაჩივრებს და სამივე ინსტანციაში ეს განაჩენი ძალაში დარჩება.
ამ საქმეში არაერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, ეს ჯაჭვი ერთიანობაში ადასტურებდა, რომ გიორგი პაპაშვილმა დანაშაულებრივი ქმედება, ძალადობა დილის საათებში დაიწყო და 6 საათის განმავლობაში ახორციელებდა სისტემურ ძალადობას, რამაც თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალება გამოიწვია. გიორგი პაპაშვილი ამას არ დასჯერდა და ამ მდგომარეობაში მყოფი დაკეტილ სახლში დატოვა და წავიდა. ჯერ ქალაქი დატოვა, შემდეგ ქვეყანა დატოვა, შემდეგ მისი ექსტრადირება ინტერპოლთან თანამშრომლობის შედეგად მოხდა",- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს.
თუმცა, მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯავრდებული ბაირამ ალი გუსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ.
მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.