ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ კიდევ არა, გაქვთ შანსი!, - ასე მიმართა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლეს, რომლებიც პარტიებს აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავენ.
აღნიშნულით ცუცქირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობას სხდომის დაწყებამდე მიმართა, რა დროსაც სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მანდატურებს ცუცქირიძის დარბაზიდან გაყვანისკენ მოუწოდა.
„გაიყვანეთ დარბაზიდან“ - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
როგორც სასამართლოს დატოვების შემდეგ ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, ქვეყნის დემოკრატიის გადასარჩენად ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად გააგრძელებს.
„სხდომის დაწყებამდე მოსამართლეებს მივმართე, რომ გამოეყენებინათ ის შანსი და უფლება, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ და გადაერჩინათ საქართველოს დემოკრატია. ამის გაკეთება კიდევ შეუძლიათ, ვიღაცების სამარცხვინო მომავალი არის უკვე დაწერილი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ საკუთარი მომავალი კიდევ დაწერონ. აი, ეს ვუთხარი და დამატოვებინეს დარბაზი. მე გავაგრძელებ ბრძოლას ჩემ თანამოაზრეებთან, „მოედნელებთან“ მხარდამჭერებთან ბოლომდე, იქამდე, ვიდრე არ დავიბრუნებთ სახელმწიფოს“- განაცხადა ცუცქირიძემ.
ამ წუთებში, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.