საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული ამოცანები და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობაა საჭირო.
„არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერი პასუხობს, რომ „არა“.
„არა. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება,“ - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს - კითხვაზე, ხომ არ აპირებს ოფიციალური თბილისი საკუთარი პოზიციის გადახედვას, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“ - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ე.წ. სახელმწიფოებს - აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ვერანაირად ვერ აღიარებს, შესაბამისად, მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება.
„ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს. აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად, მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე,“ - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.
„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა, რომელიც ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. როგორც კობახიძემ განმარტა, ზურაბაშვილი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზეც რჩება.