ვინც დაიწყო ომი, იმან უკვე აღიარა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ყველაფერში ვერაფერს შეცვლის - ეს არის გარანტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმება იმას, რომ საქართველო არის ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი, არის თუ არა საფრთხის შემცველი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და რუსეთის ამით აძლევთ თუ არა ბერკეტს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.
„არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ, ვინც დაიწყო ეს ომი, იმან უკვე აღიარა. დანარჩენი ყველაფერი რას შეცვლის?! არაფერს შეცვლის. ვინც დაიწყო, იმან უკვე აღიარა, შესაბამისად, აქ ვერაფერი ვეღარ შეიცვლება. ეს არის გარანტია“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სარჩელში საუბარია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ ჩადენილ ღალატზე, რომელიც არის დეკლარირებული ევროსაბჭოს რეზოლუციაში.
„ჩვენ ამას ვიხსენებთ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ჩვენსავით გაიხსენოს ეს ფაქტი და ჩვენსავით შეაფასოს ეს პოლიტიკური პარტია როგორც მოღალატე“, - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმება, რომ საქართველოს ეკისრება ომზე პასუხისმგებლობა, რა შედეგს მოუტანს რუსეთს და რა შეიცვლება სამართლებრივი დავებისთვის“, კობახიძე პასუხობს, რომ „საერთოდ არაფერი შეიცვლება“.
„ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ჯარის ინტერესები როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში. არაფერი შეიცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - საყრდენი იმისა, რაზეც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვსაუბრობთ, არის უპირველეს ყოვლისა, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა. ორი თეორიული ვარიანტი დავუშვათ - ერთი, რომ მართალია, რაც წერია - დაიწყეს ომი და ხელი მოაწერეს. ეს არის ერთი უბედურება და დამეთანხმეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს პარტია და ყველა მისი განშტოება არის ასაკრძალი. მეორე - თეორიულად დავუშვათ, რომ ომი არ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს ყველაფერი დაიბრალა. ეს ხომ მეორე უბედურებაა?!“ - განაცხადა პრემიერმა.