ბევრმა ადამიანმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას მოითხოვდნენ, პრეზიდენტ ტრამპს ბოდიშის მოსახდელად დაურეკა, რადგან არ იცოდნენ, რომ ის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს შეერთებული შტატებისთვის მართლაც დიდი და მნიშვნელოვანი გარიგება იყო.
„სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სრულად და საბოლოოდ შეწყდებოდა“, - აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, მოსკოვში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე გამოაცხადა.
74 წლის სტივენ ჰაბარდს 2024 წელს მოსკოვის სასამართლომ უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლისთვის 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დონალდ ტრამპის ცნობით, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას სთხოვა.