ბატონი [ვასილ] როინიშვილი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა როინ შავაძის საშინელ საქმეს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ისტორიაში. ეს კაცი როგორ შეიძლება იჯდეს მოსამართლის მანტიაში და ასამართლებდეს იმ რეჟიმს, რომლის კრიმინალური დანაშაულის შემსრულებელიც იყო? - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, მოსამართლე როინიშვილს „ბევრად უფრო მეტი კავშირი აქვს ყველაზე მძიმე წარსულთან „ნაციონალური მოძრაობის“, ვიდრე ოდესმე შეიძლება „ლელოს“ რომელიმე წევრს ჰქონდეს“.
„რამეზე თუ შეიძლება ედოს ქართული საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობას, ეს არის მიტაცებული სასამართლო და საგამოძიებო, სამართალდამცავი სისტემები, რომლებიც ემსახურებოდნენ ერთპარტიულ ინტერესს მაშინაც. ამ ამბავში ერთ-ერთი გამოკვეთილი საქმე იყო როინ შავაძის საქმე. ამ საქმის პროკურორი იყო მოსამართლე, ბატონი როინიშვილი. ეს კაცი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა ამ საშინელ საქმეს, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამართლებრივ სისტემასთან მიმართებაში. ეს კაცი როგორ შეიძლება იჯდეს ახლა მოსამართლის მანტიაში და ასამართლებდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის კრიმინალური დანაშაულის შემსრულებელიც იყო. ეს ისეთია, ქურდბაცაცა ქურდმა, ზოგადად ქურდობა დაგმოს, ოღონდ თან იპარავდეს. ამ კატასტროფაში ვართ.
ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ილუზია, რომ აქ სამართლებრივ პროცესს ვუყურებთ. რასაც ვხედავთ, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება ბანდიტების ხელით, იმ ადამიანების ხელით, ვინც თავად იღებდა გადაწყვეტილებას იმ დანაშაულის შესახებ, რაზეც ეს სასამართლო აპელირებს. წარმოუდგენელია უბრალოდ, რომ შავაძის პროკურორს იყოს მოსამართლე, ეცვას მანტია და ელაპარაკებოდეს არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ლელოს“, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. ამ კაცს ბევრად უფრო მეტი კავშირი აქვს ყველაზე მძიმე წარსულთან „ნაციონალური მოძრაობის“, ვიდრე ოდესმე შეიძლება ‘’ლელოს“ რომელიმე წევრს ჰქონდეს“, -განაცხადა დათუნაშვილმა.