გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ისეთ რამეს ნუ დაიჩემებს ირაკლი, რაშიც გუნდი იღებდა მონაწილეობას - მან ქვეყნის მიმართ საკმაოდ სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა და ამის დაბალანსება საკმაოდ გაუჭირდება

ისეთ რამეს ნუ დაიჩემებს ირაკლი, რაშიც გუნდი იღებდა მონაწილეობას - მან ქვეყნის მიმართ საკმაოდ სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა და ამის დაბალანსება საკმაოდ გაუჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არასდროს უარყვიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი დადებითი ნაწილიც ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულისთვის პასუხი არ უნდა აგოს.

„დავით-გარეჯი არის თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, თუმცა თუკი არ მწვავდება ეს საკითხი, იმას არ ნიშნავს, რომ ეს თემა დავივიწყეთ, ან გრძელ ყუთში გადავდეთ. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს რაღაც საკითხები პოზიტიურად აქვს გადაწყვეტილი, ან გადაწყვეტის სურვილი ჰქონდა - მისი დამოკიდებულებები ჩვენ არასდროს გვიარყვია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი დადებითი ნაწილიც ჰქონდა თავის ცხოვრებაში, კარიერაში, როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი მილიონები აღმოგიჩინეს, თანაც უკანონოდ მიღებული, ამისთვის პასუხი არ უნდა აგო. ასე რომ, ეს ორი მცნება ერთმანეთს უპირისპირდება.

რაც შეეხება რუკების თემას - რასაკვირველია, მას როგორც აღმასრულებელს რაღაც ფუნქციები და მოვალეობები ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის მისი დამსახურება, არის გუნდი და ეს არამარტო მისი დამსახურებაა, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის თემა თვითონ, მისი აქტივობის, მისი სამოქალაქო პოზიციის და ყველა ჩვენგანის. ასე რომ, ისეთ რამეს ნუ დაიჩემებს ირაკლი, რაშიც გუნდი იღებდა მონაწილეობას. არ არის მარტო დავით გარეჯის თემა. უამრავი თემაა და ირაკლის, თავისი დამოკიდებულების გამო, არავინ ედავება თავისი ქვეყნის მიმართ [...], მაგრამ ქვეყნის მიმართ საკმაოდ სერიოზული გადაცდომაა ჩადენილი. ასე რომ, ამის დაბალანსება საკმაოდ გაუჭირდება მასაც და მისი დაცვის ჯგუფსაც,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. წერილის ერთი ნაწილი დავით-გარეჯის საკითხს დაეთმო, სადაც ყოფილმა პრემიერმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც მისი პრემიერობისა და თავდაცვის მინისტრობის დროს გადაიდგა.

„მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა. ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაიწყო გამოძიება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით-გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე). ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები - პატრიოტი პროფესიონალები. სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა