გაფრთხილებდით მე ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“-მეთქი და უმრავლესობას ეს გადაჭარბება ეგონა - იხილეთ როგორ გამოიყურება „ბესპრედელი“. ამით ყველას ეუბნება - „ჯერ ციხეში ჩაგსვამთ და მერე იქ იქნებით ყველაზე დაუცველიო” და ეს მხოლოდ დასაწყისია,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გლდანის ციხეში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ასევე ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი კიდევ ოთხი პირი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ძმებ ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან არ მოეწონა, ამიტომ ბერა ივანიშვილის უახლოეს სამეგობროს უთხრა, რომ ეს ამბავი მოეგვარებინათ.
„ჩემთვის უკვე დღესავით ნათელია თუ რა მოხდა. ივანიშვილს არ მოეწონა ძმები ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან. ბერას უახლოეს სამეგობროს, კაწროს და ყიფიანს უთხრეს, როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ ეს ამბავიო. ამათაც მიგვიშვით ფეიქრიშვილებთან და მერე ჩვენ ვიცითო.
დადგეს ვაკის პარკის კაფეში ძალიან იაფფასიანი სცენა ვითომ ჩხუბის. დადგმული რომაა კადრებშიც კარგად ჩანს. მერე ესენი ვითომ დაიჭირეს, მიუშვეს ციხეში და იქ სასტიკად გაუსწორდნენ ივანიშვილის გაბრაზებულ ფეიქრიშვილებს, რომელთა საკანში რატომღაც სათვალთვალო კამერა არ აღმოჩნდა, მაშინ როცა ასეთი კამერა აყენია სისტემის უკლებლივ ყველა საკანში, ამ ერთის გარდა.
ხალხო ხვდებით მაინც, რა დღეში აღმოვჩნდით?
გაფრთხილებდით მე ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“-მეთქი და უმრავლესობას ეს გადაჭარბება ეგონა. ჰოდა იხილეთ როგორ გამოიყურება „ბესპრედელი". ამით ყველას ეუბნება - „ჯერ ციხეში ჩაგსვამთ და მერე იქ იქნებით ყველაზე დაუცველიო“ და ეს მხოლოდ დასაწყისია, თუ ჩვენ თვითონ არ დავუსვით დასასრული”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ მედიასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოიაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საკანში, რომელშიც ზის ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი, შეასახლეს ასევე ბრალდებულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“) შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე და ფიზიკურად გაუსწორდნენ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილმა სხეულზე დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები მიიღო. ადვოკატის თქმით, ისინი ითხოვდნენ „მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს“. ასევე ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში ზის, ოღონდ სხვა საკანში.
მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და აღნიშნა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ბრალდებული. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ვატო ყიფიანი დავით ფეიქრიშვილთან საკანში შესახლებასა და კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს. ყიფიანის დამოკიდებულებაა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და გახდება ნათელი.
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დაიწყო.