ევროკომისია ელოდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ, ამერიკული დელეგაცია შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ევროკომისიის პრესსპიკერის, პაულა პინიოს განცხადებით, 20 ოქტომბერს ოსლოში უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო გაერკვიათ, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების ახალ ფორმატზე რუსეთის მონაწილეობით გადასვლის შესაძლებლობა.
„სანქტ-პეტერბურგში პრეზიდენტ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინა დღეს მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, არსებობს თუ არა წინაპირობები სამმხრივ ან თუნდაც მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე შესაძლო გადასვლისთვის, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთ მაგიდასთან იქნებიან წარმოდგენილი“, - განაცხადა პინიომ.
მისი თქმით, ევროკომისია ამჟამად ამერიკული მხარისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება.
„ველით, რომ ამერიკული დელეგაციის რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ბრიფინგი გაიმართება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა.
პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მხარეებს შორის შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.