ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეებს ზრდის.
მისი შეფასებით, გადაწყვეტილება ახალი „გეორგიევსკის ტრაქტატის“ შესახებ არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.
“ვფიქრობ, სამი რამ არის საგანგაშო რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის ახალ საკადრო დანიშვნასთან დაკავშირებით:
პირველი, ეს არის კონკრეტულად ახალ დანიშნული ფიგურა, ბატონი ზურაბაშვილი, რომელიც ანტიდასავლურ რიტორიკას პროპაგანდისტულ არხებზე ავრცელებდა, ისევე, როგორც ესაუბრებოდა მაკა ბოჭორიშვილის მიერ დაბარებულ ელჩებს, რომელიც სადამსჯელო ღონისძიება იყო.
მეორე და მნიშვნელოვანი, მისი პირველი მოადგილის რანგის დატოვება, რაც აქამდე არასდროს არ მომხდარა და არაფორმალურ ფორმატებში, ფორმალურ დონეს ზრდის, რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ.
მესამე, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა დანიშვნასთან დაკავშირებით, ის საუბრობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების საკითხზე. ამ კონტექსტში ჟენევის ფორმატთან ერთად, ამ არაფორმალურ ფორმატზე აკეთებდა აქცენტს, რაც არასდროს არ ყოფილა ამ ფორმატის საგანი, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს ეხებოდა და არა უსაფრთხოებას.
მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად აგვისტოს ომის მიმართებაში ბრალდება აქვს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც მათ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას და პროვოცირებაზეა აქცენტი აგვისტოს ომთან მიმართებაში, საერთო სურათში ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეებს, კიდევ უფრო ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.