საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლებრიობა საერთოდ არ არის ნორმატიული, უფრო მეტად პოლიტიკური აქტია - ჩვენი შუამდგომლობა არის, რომ ეს საგამოძიებო დასკვნა არ იქნას მტკიცებულებად დაშვებული, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
გიორგი სიორიძის თქმით, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები, რასაც ეყრდნობიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, არის სწორედ პოლიტიკური განცხადებები და ეს ყველაფერი მათ მოტანილი აქვთ მტკიცებულებად.
„კონკრეტულად საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი ეგრეთ წოდებული მტკიცებულება, რომელსაც ეს სარჩელი ეყრდნობა. ამასთან დაკავშირებით აქ თქვენ დასვით კითხვა, ვეთანხმებით თუ არა ამ შუამდგომლობას. ჩვენ თავად გვსურდა ამ შუამდგომლობის დაყენება, რომ დასაშვებად არ იქნას ეს მიღებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებათა გამოკვლევას, ამბობს: "საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას" და აქვე არის თქვენი, საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეცია, რა ბედი შეიძლება ეწიოს ამ შუამდგომლობას არამხოლოდ შეფასებასთან, არამედ მიღებასთან დაკავშირებითაც, საქმიდან ამოღებასთან დაკავშირებითაც და ა.შ.
რატომ ვახსენე განმწესრიგებელი სხდომა - ისეთი სისწრაფით წავიდა პროცესები მას შემდეგ, რაც პლენუმს მიმართა კოლეგიამ და გადაეცა განსახილველად, პლენუმმა გადაწყვიტა, რომ მიეღო ის განსახილველად თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი შუამდგომლობა რომ გამოვაგზავნეთ, თუ ასეთი მნიშვნელობის არის და რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში, ვიდრე ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვაა?! .... არ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო განმწესრიგებელ სხდომაში, რომელიც ჩემი აზრით, ზეპირად უნდა ჩატარებულიყო და თუ ასეთი მნიშვნელობისაა და ნამდვილად არის ასეთი მნიშვნელობის დღევანდელი პროცესი, ასეთ პროცედურულ საკითხებზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მაშინ უნდა გვქონოდა. ამიტომ მიწევს დღეს ამის დაფიქსირება.
თქვენ, ბატონო რევაზ, ბრძანეთ, რომ აქ ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილი აქ არ არის. მე ამ შემთხვევაში ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს თქვენს კრიტერიუმებზე, როგორ შეიძლება გაიმიჯნოს აქ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური და სამართლებრივი მტკიცებულებები.
წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არ მიღება არის ჩვენი შუამდგომლობა, გარდა ამისა, სქოლიოში მოცემული სოციალურ ქსელში გავრცელებული ყველა იმ ბმულის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკოსების მხრიდან სწორედ პოლიტიკურ განცხადებებს. აქ წარმოდგენილ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ეს აქვთ მოყვანილი მტკიცებულებად. საერთოდ ზღვარი სად გადის მტკიცებულებასა და სქოლიოს შორის გაუგებარია, ანუ მათი ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები, რასაც ეყრდნობიან არის სწორედ პოლიტიკური განცხადებები. ეს ყველაფერი მათ მოტანილი აქვთ მტკიცებულებად. თუ თქვენ ასე მიიჩნევთ, რომ პოლიტიკური განცხადებები ამ შემთხვევაში არ არის სამართლებრივად შეფასებადი, ყველა ეს ბმული, პოლიტიკოსების განცხადებები არ უნდა იყოს მიღებული მტკიცებულებად.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მისი სამართლებრიობა საერთოდ არ არის ნორმატიული, უფრო მეტად პოლიტიკური აქტია და ამის შესახებ 2025 წელს იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული თავად პლენუმის მიერ სხვათა შორის. 35-ე და 36-ე პარაგრაფებია, რომელიც ამბობს, რომ თავისი ნორმატიული შინაარსის არ ქონის გამო, საერთოდ არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი შუამდგომლობაც არის მათ შორის, რომ ეს საგამოძიებო დასკვნა არ იქნას მტკიცებულებად დაშვებული, ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც აპირებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში გააქრონ, უფრო იურიდიული ტერმინით რომ ვთქვა, აკრძალონ”, - აცხადებს გიორგი სიორიძე.