საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული საქმე ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა საქართველოში ოპოზიციურ პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მის შეშფოთებას ქართულ მხარეს აუცილებლად გააცნობს.
“ჩვენ უკვე საკმაო ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში.
კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება.
ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია. ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებასა და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ უახლესი ნაბიჯის გამო, რომელიც ევროკავშირისგან შემდგომი დაშორებაა და არღვევს ევროკავშირის [წევრობის] პერსპექტივას.
დავამატებდი, რომ საქართველო ასევე იყო ერთ-ერთი საკითხი ბოლო საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, რადგან იქ პოლიტიკური ვითარება განგრძობითად რთულია და ჩვენ ეს კონტექსტიც განვიხილეთ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამაზე კვლავ ვიმსჯელებთ”, - აღნიშნა დეშაუერმა.