საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებულია. გადაწყვეტილება რომ მიღებულია, ეს დადასტურდა მანანა კობახიძის მხრიდან ჯერ თვითაცილების მცდელობით და შემდგომ გადადგომით, დანარჩენი კი არის დროის საკითხი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.
ბუჩუკურმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესის მიმდინარეობისას პარალელურ რეჟიმში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ორი მოვლენა ერთდროულად, დამთხვევა არ არის. მისი შეფასებით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
“მოპასუხე სუბიექტები ვერ ვიგებთ, ვის რა მიემართება. ეს ხდება მთელი დღის განმავლობაში და ეს გაგრძელდება ხვალაც იმიტომ, რომ შუამდგომლობების ეტაპი არ მორჩენილა. შუამდგომლობის ეტაპის შემდეგ ხდება არსებითი განხილვა, მაგრამ იქამდე ჯერ არ არის მისული.
სხვათა შორის, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ერთ-ერთმა მოსამართლემ, ქალბატონმა გოცირიძემ თავადვე თქვა სხდომის ბოლოსკენ, რომ გაჭირდებოდა კონკრეტული მოპასუხეების მხრიდან პასუხების გაცემა იმიტომ, რომ უბრალოდ ყველაფერი ჩაყრილია ამ სარჩელში, მაგრამ შემდეგ ნახეთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი კოლეგის სიტყვის ინტერპრეტაციაც სცადა და მუდმივად ამტკიცებს სასამართლოს თავმჯდომარე, რომ სარჩელში ყველაფერი გადასარევად წერია.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებულია. გადაწყვეტილება რომ მიღებულია, ეს დადასტურდა მანანა კობახიძის მხრიდან ჯერ თვითაცილების მცდელობით და შემდგომ გადადგომით, დანარჩენი კი არის დროის საკითხი.
ეს პროცესი, ხომ არ გგონიათ, რომ პირობითად, ანა ბუჩუკური პოლიტიკაში ყოფნას შეძლებს თუ არა, ამაზეა? ეს პროცესი, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი და რუსული ჰიბრიდული ომი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, მათ შორის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ეს ხდება და არაკონსტიტუციურად აცხადებს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს. ეს ისეთი დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ამის პარალელურად, ვიგებთ, რომ რუსეთთან დამატებითი მოლაპარაკებები მიდის. არავინ ჩათვალოს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. ეს არის ერთი დიდი რუსული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ნაწილი”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.