მიუხედავად ჩემი კოლეგებისადმი პატივისცემისა, მიჭირს დავეთანხმო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის, შუამდგომლობა კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე, - ამის შესახებ წერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის განსხვავებულ აზრში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც მანანა კობახიძეს უარი ეთქვა თვითგანრიდების თაობაზე.
განსხვავებული აზრი დოკუმენტის ტიპად საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა ოფიციალურ ვებ-გვვერდზე და მასში ევა გოცირიძე განმარტავს, რომ ის ვერ დაეთანხმება სასამართლოს მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტის იმგვარ გაგებას, რაც ზემოაღნიშნული განჩინებით არის გადმოცემული. გოცირიძე “განსხვავებულ აზრში” აღნიშნავს, რომ მანანა კობახიძე იყო “ქართული ოცნების” წევრი, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები კი ქმნიდა მისი მიუკერძოებლობისადმი ეჭვის ობიექტურ საფუძველს.
კერძოდ, ევა გოცირიძის განმარტებით, მანანა კობახიძე, როგორც პარლამენტის წევრი და მისი ვიცე-სპიკერი, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ და აქტიურად აკრიტიკებდა “ნაციონალურ მოძრაობას” და მას დაშლისკენ მოუწოდებდა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მანანა კობახიძეს წარსულში მართლაც გააჩნდა მკვეთრი აზრი საკითხზე, რომელიც სარჩელის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენს აღნიშნული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ველზე დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით, ეს გარემოება კი, ევა გოცირიძის აზრით, საზოგადოებაში გააჩენდა ეჭვს, რომ მანანა კობახიძე ვერ შეძლებდა მიუკერძოებელი მსაჯულის როლის შესრულებას.
“მიუხედავად ჩემი კოლეგებისადმი პატივისცემისა, მიჭირს დავეთანხმო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ქალბატონი მანანა კობახიძის, შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე.
მართალია, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად განჩინებაში არაერთი საგულისხმო არგუმენტი დასახელდა, კერძოდ ის, რომ გასულია დიდი დრო იმ მოვლენებიდან, რომლებსაც შუამდგომლობის ავტორი უკავშირებს თვითგანრიდების საფუძვლებს. საზოგადოდ, კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად განწესებას, რაც იმას გულისხმობს, რომ წარსული პოლიტიკური საქმიანობა და გამოთქმული კრიტიკული შეხედულებები, ცალკე აღებული, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი კრიტიკის ობიექტთან დაკავშირებული საქმეებისაგან განრიდების გასამართლებლად, რომ საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურას და იმგვარ მოცემულობას, როდესაც საქმისგან ჩამოცილებული მოსამართლის ჩანაცვლება (სათადარიგო მოსამართლით) შეუძლებელია და სხვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ შუამდგომლობაზე დათანხმება მაინც უფრო სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
უწინარესად, ვერ დავეთანხმები სასამართლოს მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტის იმგვარ გაგებას, რაც ზემოაღნიშნული განჩინებით არის გადმოცემული. კერძოდ, მასში ისეა წარმოდგენილი, თითქოს, სასამართლოს მიკერძოებულობის ობიექტური ტესტი იმის გარკვევას მოითხოვს, გაუჩენს თუ არა შესაბამისი გარემოება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს“ „ცალსახა და დამაჯერებელ ვარაუდს“, რომ მოსამართლე ... „კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს“ (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-10 პარაგრაფი).
საქმე ისაა, რომ „ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი“ შინაარსობრივად თუ ტერმინოლოგიურად არ ასახავს სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის კლასიკურ გაგებასა და იმ შინაარსს, რაც მასში ტრადიციულად იგულისხმება და რასაც აქამდე მიჰყვებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ობიექტური ტესტით სასამართლოს მიუკერძოებლობის გარკვევა გულისხმობს იმის დადგენას, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვებს გააჩნია თუ არა რაიმე ობიექტური საფუძველი, არსებობს თუ არა რაიმე ისეთი კონკრეტული, შემოწმებადი გარემოებები, რომლებიც გონივრულ დამკვირვებელს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აუცილებელი არ არის, რომ შესაბამისი გარემოება მოსამართლის მიკერძოებულობის თაობაზე ცალსახა დასკვნის გამოტანის საფუძველს ქმნიდეს. დაინტერესებული პირის, კერძოდ საქმის მხარის აღქმა, ჩვეულებრივ, გასათვალისწინებელია, თუმცა მისი სუბიექტური ეჭვი გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტი ის არის, არის თუ არა ეს ეჭვი ობიექტურად გამართლებული, ემყარება თუ არა ის შესაბამის საფუძველს, არსებობს თუ არა გონივრული და რაციონალური კავშირი მათ შორის.
თუ სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის სწორედ ამგვარი გაგებიდან ამოვალთ, ცხადი ხდება, რომ ქალბატონი მანანა კობახიძის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, ერთობლიობაში, მართლაც ქმნის მისი მიუკერძოებლობისადმი ეჭვის ასეთ „ობიექტურ საფუძველს“. მხედველობაში მაქვს არა იმდენად ის, რომ იგი გახლდათ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შემდგომში მისი თავმჯდომარე, რომ იგი, როგორც პარლამენტის წევრი და მისი ვიცე-სპიკერი, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ და აქტიურად აკრიტიკებდა პოლიტიკურ პარტიას - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აკრძალვაც არის მოთხოვნილი №1979 კონსტიტუციური სარჩელით. გაცილებით საგულისხმოდ მეჩვენება ის გარემოება, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, მოსამართლის ფიცის დადებამდე სხვადასხვა ტრიბუნიდან ღიად და საჯაროდ იგი ამ პარტიას მოუწოდებდა დაშლისკენ, მის წევრებს კი - პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისკენ. ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მანანა კობახიძეს წარსულში მართლაც გააჩნდა მკვეთრი აზრი საკითხზე, რომელიც სარჩელის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენს - უნდა დარჩეს თუ არა პოლიტიკურ ველზე ხსენებული პოლიტიკური პარტია. საკუთრივ ეს გარემოება კი, მხარეების, ფართო საზოგადოებისა და თუნდაც ძალზე ობიექტური დამკვირვებლის თვალში, საკმარის ობიექტურ საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული იმ ეჭვების გასაჩენად, რომ მისი პოზიციები, დროის გასვლის მიუხედავად, შესაძლოა, შეცვლილი არ არის, რის გამოც, კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას, ვერ შეძლებს მიუკერძოებელი მსაჯულის როლის შესრულებას.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით კონსტიტუციური სარჩელის განხილვას დიდი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს საზოგადოება და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მომავალში მიიღებს, არა მარტო იყოს სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისი, არამედ სწორედ ასეთად აღიქმებოდეს ყველას მხრიდან, აღიქმებოდეს როგორც დამოუკიდებელი, პირუთვნელი სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი ვერდიქტი”, - წერია ევა გოცირიძის განსხვავებულ აზრში.
პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის განხილვას დიდი ყურადღებით დააკვირდება საზოგადოება და უაღრესად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება, აღიქმებოდეს როგორც პირუთვნელი სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი ვერდიქტი.