ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა - დაუბრუნდით დემოკრატიის გზას

შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას, - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით“, - წერს კუგლერი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“.

„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ