ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის სარჩელი „იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება“.
„მტკიცებულებების [სარჩელიდან] ამოღების შესახებ შუამდგომლობაზე უკვე მიიღო გუშინ გადაწყვეტილება სასამართლომ და უარი ითქვა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს და ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები, აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შუამდგომლობები დააყენონ.
ახლა, რეალურად, მე როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა.
ამასთან, ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან, რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ყოველ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები, ალბათ, ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები“, - აღნიშნა კახიანმა.