ირაკლი კობახიძის მხრიდან ახალი მიდგომა დავინახეთ, მან გააფართოვა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის აქამდე არსებული მანდატი - როგორც ის ამბობს, ეს საჭიროა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში არსებული კონფლიქტური ვითარების დარეგულირებისთვის - კითხვა ჩნდება, ვისთან იქნა სპეციალური წარმომადგენლის ახალი მანდატი შეთანხმებული?! - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ცალმხრივად მანდატის შეცვლა შეუძლებელია და ამიტომ გამორიცხულია, ეს რუსეთთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო.
„ვფიქრობ, სპეციალური წარმომადგენელი გვჭირდება, იმიტომ, რომ მტერთანაც არის საუბარი საჭირო, რათა არსებითი ვითარებები გადაწყდეს, მაგრამ აქ სხვა რამემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. კარასინი-აბაშიძის ჯგუფს მოქმედების ძალიან კონკრეტული მანდატი ჰქონდა. ამ ჯგუფს უნდა ემუშავა სავაჭრო-სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების საკითხებზე. მე მახსოვს, ვიდრე ზურაბ აბაშიძე ამ თანამდებობიდან გადადგებოდა, განაცხადა, რომ ეს მანდატი უკვე ამოწურულია, იმიტომ რომ ის დავალებები, რაც ამ ჯგუფს ჰქონდა, შესრულებულია - სატრანსპორტო ურთიერთობები აღდგა, ვიზები გაუქმდა, სავაჭრო ურთიერთობები განვითარდა და ა.შ., ახლა ჩვენ ირაკლი კობახიძის მხრიდან რაღაც ახალი მიდგომა დავინახეთ. მან გააფართოვა ეს მანდატი იმით, რომ ე.ი. ეს წარმომადგენელი საჭიროა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში არსებული კონფლიქტური ვითარების დარეგულირებისთვის. საერთაშორისო მოლაპარაკებებში ცალმხრივად მანდატის შეცვლა შეუძლებელია. [რუსეთთან შეთანხმების გარეშე] გამორიცხულია, იმიტომ რომ ცალმხრივად მანდატს ვერ შეცვლი. ეს უნდა იყოს რაღაც მოლაპარაკებების შედეგი. მე ახლა კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს - ვისთან იყო ეს მოლაპარაკებები, ვინ აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს და რაში მდგომარეობს რეალობაში ის ახალი მანდატი, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს?! ასევე, კითხვა არის ძალიან ლეგიტიმური, გვჭირდება თუ არა დღეს ჩვენ ეს მანდატი და ამ მანდატის აღსრულების კონტექსტში, რა კონკრეტული მითითებები ექნება სპეციალურ წარმომადგენელს?! მაგალითად, თუ ეს მითითებები იქნება დაფუძნებული იმ ძალიან სწორ გზავნილზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, რომ ვიდრე რუსეთის მხრიდან არ იქნება გაწვეული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა, დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენაზე არავითარი საუბარი არ შედგება. თუ ასეთი მკაფიო პრინციპული მიდგომა იქნება შენარჩუნებული და ეს კიდევ ერთხელ გაჟღერება, მაშინ ეს მეტ-ნაკლებად გასაგებია იქნება, მაგრამ ეს წინა დასმულ კითხვას არ ხსნის - ვისთან იქნა სპეციალური წარმომადგენლის ახალი მანდატი შეთანხმებული. მე ვფიქრობ, ამ საკითხების გარკვევის გარეშე, გიორგი ზურაბაშვილსაც საკმაოდ გაუჭირდება მეორე მხარეს არსებულ თავის საკმაოდ გამოცდილ ოპონენტებთან დაპირისპირება,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება იმას, იწვევს თუ არა კითხვებს ის გარემოება, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნული გიორგი ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან, სავარაუდოდ, გიორგი ზურაბაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებში ლაშა დარსალიას ჩაანაცვლებს, გარკვეული საშიშროება არსებობს იმისა, ხომ არ მოხდება ამ მანდატის მნიშვნელობის შემცირება.
„მე მესმის ამ საკითხზე ექსპერტების შეშფოთება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სამწუხაროდ, ბატონი გიორგის ბოლო განცხადებები უკავშირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლის დაკნინებას და მათ კრიტიკას. ეს არის ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ზოგადად, ჩვენ თვალს ვადევნებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ხაზში. ამ თვალსაზრისით, ვინაიდან, ის, როგორც ჩანს, ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაანაცვლებს ლაშა დარსალიას, რომელიც საკმაოდ პრინციპულად იდგა ამ მოლაპარაკებების ფორმატში, გარკვეული საშიშროება არსებობს იმისა, რომ ხომ არ მოხდება ამ მანდატის მნიშვნელობის შემცირება. ეს ჩვენი პოზიციების გამაგრების თვალსაზრისით, ძალიან ნეგატიური იქნება. ვინაიდან ეს არის ფორმატი, სადაც ჩვენ ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ჩვენი ძირეული საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაცვა გაცილებით უფრო მარტივი იყო. თუ ჩვენ კონტექსტი მთლიანად გადაგვაქვს რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვასუსტებთ და ეს ნამდვილად არის შემაშფოთებელი ტენდენცია, თუ, რა თქმა უნდა, ეს რეალობად იქცევა,“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, რამდენად შემთხვევითი შეიძლება იყოს, რომ პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის დაწყების პარალელურად დანიშნა, ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ დროში დამთხვევას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ორივე პროცესი ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.
„შეიძლება ეს იყო შემთხვევით, შეიძლება არა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ორი პოლიტიკური ხაზი - საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი და დანიშვნა დროში და სივრცეში სადღაც მაინც გადაიკვეთებოდა. მე ვფიქრობ, დროში დამთხვევას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ორივე პროცესი ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს - თუ ვლაპარაკობთ კონსტიტუციურ პროცესზე, საფრთხეებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და მეორე - ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამაგრების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ორივე პროცესი ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე ის, რომ ეს დროში დაემთხვა. ამ რისკებს დამთხვევა თუ არდამთხვევა ნამდვილად არ ხსნის,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ პარტიების აკრძალვის საკითხს - ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ მათზეა დამოკიდებული, საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების პერსპექტივებს შეინარჩუნებს, თუ ეს კიდევ უფრო დიდი საშიშროების ქვეშ დადგება.
„მე ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ნამდვილად კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის, რომ მათ ძალიან სერიოზული ტვირთი დააწვა. პრინციპში, დღეს მათზე არის დამოკიდებული, საქართველო თავისი დემოკრატიული განვითარების და შესაბამისად, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების პერსპექტივებს შეინარჩუნებს, თუ ეს კიდევ უფრო დიდი საშიშროების ქვეშ დადგება,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.