როდესაც მიდის სასამართლო პროცესი, ეუთო გამოდიხარ და ამბობ, რომ შეწყდეს სასამართლო პროცესი და სანქციებით იმუქრები, ეს არის ზუსტად ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის არაკონსტიტუციური ქმედებების დასამტკიცებლად საკმარისი მასალაა წარდგენილი, ხოლო პარტნიორების მხრიდან მსგავსი მოწოდებები ორმაგი სტანდარტების გამოვლინებაა.
„ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ეუთო აკეთებს გერმანიასთან მიმართებით, მაშინ როდესაც გერმანიის ხელისუფლება ცდილობს, რომ აკრძალოს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვას, ეუთო მსგავს განცხადებას არ აკეთებს რატომღაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ.
ყველაზე შემაშფოთებელი კიდევ ის არის, რომ დღეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, გამოდის ეუთო და დღეს აკეთებს მსგავს განცხადებას, რომ სარჩელი უკან გავიწვიოთ, თორემ სხვა შემთხვევაში იქნება გარკვეული სანქციები გატარებული და თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალს ამით კარგავს. ეს არის ზეწოლა დღევანდელ დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოზე რასაც აკეთებს ეუთო. ეს არის არასწორი და ეს არის გაუგონარი ამბავი, როდესაც მიდის სასამართლო პროცესი, ეუთო გამოდიხარ და ამბობ, რომ შეწყდეს სასამართლო პროცესი და სანქციებით ემუქრები, ეს არის ზუსტად ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე.
ჩვენ ვართმევთ ამომრჩეველს წარმომადგენლობას? მათივე ევროკავშირის დემოკრატიის შუქურად წოდებული გერმანია ცდილობს აკრძალოს ნომერი პირველი ოპოზიციური პარტია გერმანიის რესპუბლიკაში. ამ შემთხვევაში არ ართმევს ამომრჩეველს? ამ შემთხვევაში რა ხდება, აბა? ამ შემთხვევაში ევროკავშირის პოზიციები სად არის? ეს არის ზუსტად არასწორი. რაც მათთვის არის მისაღები, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი? ამაზეც ვსაუბრობთ, თორემ ჩვენ რიგი არგუმენტები გვაქვს წარდგენილი წლების განმავლობაში, თარიღების მიხედვით, თუ რას ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა” და ეს რიგი პარტიები, რომლების აკრძალვის მოთხოვნით ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. 2012 წლამდე რა ჩაიდინეს, მტკიცებულებები გვაქვს, მერე საგამოძიებო კომისიის დასკვნა დავურთეთ, დამატებით ამის 2012 წლიდან სარჩელის შეტანის დღემდე თუ რა ბოროტება აქვთ ჩადენილი, რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები და რა მოღალატეობრივი ნაბიჯები აქვთ გადადგმული ამ პარტიებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი გვაქვს, ესე ვთქვათ, კრებული წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამაზე მეტი მტკიცებულებები არის საჭირო ვერ ვხვდები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ აიკრძალება ეს პარტიები”, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს ეხმაურება და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. კუგლერის თქმით, პოლიტიკური კონკურენცია არჩევნებითა და დემოკრატიული დებატებით უნდა წყდებოდეს და არა ოპონენტების ჩამოშორებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, საქართველომ კი, როგორც ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი დემოკრატიული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.