სირბილის დროს, როდესაც დისტანციის დაფარვისას იღლები და გაჩერების სურვილი გიჩნდება, საკუთარ თავს უნდა შეეწინააღმდეგო - სწორედ ასე ყალიბდება ხასიათი, რომელიც შემდეგ აკადემიურ და პროფესიულ წარმატებაში გადადის. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი, სესილი ნაყოფია თვლის, რომ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ მას მიზნისკენ დაუღალავად სვლის უნარი აქვს.
ბევრი შრომა, დროის სწორი მენეჯმენტი და მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობა - ეს ის თვისებებია, რომლებმაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტს, სესილი ნაყოფიას აღიარება და NMG-ის (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) სტიპენდია მოუტანა. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, სესილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ ცხოვრებასა და პიროვნულ განვითარებას.
რა გამოწვევებს ხვდება სწავლის პროცესში და რას ურჩევს თანატოლებს - გაიცანით აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის ფაკულტეტის III კურსის წარმატებული სტუდენტი და NMG-ის სტიპენდიატი.
მოგვიყევით თქვენ შესახებ:
მე ვარ სესილი ნაყოფია, ვსწავლობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსზე. აკადემიური საქმიანობის პარალელურად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ჯანსაღ ცხოვრებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური უნარები, რომლებსაც ფიზიკური დატვირთვის დროს გამოვიმუშავებ. ჩემი აზრით, ვარჯიშის დროს ადამიანი სწავლობს მიზნის დასახვასა და მისკენ სვლას, შემდეგ კი ეს უნარი გადადის სწავლასა და კარიერაზეც, ფიზიკური დატვირთვისას ვაცნობიერებ, რომ შედეგი შრომით მიიღწევა და არა მომენტალური სურვილით, იდეაში ცხოვრებაშიც ზუსტად ასეა. სირბილის დროს დისტანციის დაფარვისას ვიღლები, ხშირად მიჩნდება სურვილი, რომ გავჩერდე და სიარულით გავაგრძელო სვლა, მაგრამ როცა მიზანი საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაა, ვცდილობ კომფორტის ზონიდან გამოვიდე და საკუთარ თავს შევეწინააღმდეგო, რადგან სხვა შემთხვევაში პროგრესის მიღწევა წარმოუდგენელია. ხოლო მაშინ, როდესაც ვხედავ ჩემს პროგრესს, ამით მეძლევა მოტივაცია და შეგრძნება, რომ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები უსაზღვროა.

რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს მიმართულება?
სასკოლო ასაკიდან განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენდი ტექნიკური და ზუსტი მიმართულების საგნების მიმართ. ამ ინტერესის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა ოჯახმა, კერძოდ დედამ, რომელიც პროფესიით ფიზიკოს-მათემატიკოსია. განსაკუთრებით მაინტერესებდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სწორედ ამიტომ, სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ჩემთვის იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა, რათა ღრმად შემესწავლა ზემოხსენებული დისციპლინები.
რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები სწავლის დაწყების შემდეგ?
ჩემი მოლოდინები ამ უნივერსიტეტის მიმართ სრულიად გამართლდა. ეს კამპუსი იძლევა მნიშვნელოვან გამოცდილებას სტუდენტებისთვის. აქ ყოფნისას ვგრძნობ ძალიან ძლიერ სოციალურ კუთვნილებას, რომ ჯანსაღ კონკურენციაში ვარ სტუდენტებთან და ეს მზრდის, როგორც აკადემიურად ისევე პიროვნულად. ჩემი აზრით, კახა ბენდუქიძის კამპუსს, სწორედ მსგავსი მახასიათებლები გამოარჩევს სხვა უნივერსიტეტებისგან.

როგორია თქვენი ყოველდღიური სასწავლო რუტინა და რა ძალისხმევას მოითხოვს მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნება?
ჩემი აზრით, მაღალი აკადემიური მოსწრება უპირველესად, მოითხოვს დროის სწორ მენეჯმენტს, წინასწარ ვგეგმავ აქტივობებს, ვადგენ კვირისა და თვის გეგმას, რათა დროის ძირითადი ნაწილი აკადემიურ განვითარებასა და ჩემს ფიზიკურ აქტივობებზე ვიყო ორიენტირებული. ჩვენს უნივერისტეტში საკმაოდ დატვირთული სალექციო, სასემინარო და ლაბორატორიული საათები გვაქვს. შესაბამისად, სამივე აქტივობაში ჩართვა დიდ დროსა და გონებრივ რესურსს მოითხოვს. ამის პარალელურად არსებობს ძალიან ბევრი სხვა საქმე, რომელიც დღის განმავლობაში უნდა მოესწროს: დამატებით ჰობები, ამიტომ დროის სწორი მენეჯმენტი გარდამტეხი უნარია ამ პროცესში.
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე სწავლის პროცესში და როგორ გადალახეთ ის?
სირთულე არ მახსენდება, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ლექცია სემინარების გარდა გამოცდებიც გვაქვს კვირის მანძილზე. ცხადია, გამოცდები სასწავლო პროცესს ზუსტად არ ემთხვევა, მაგრამ სტუდენტისთვის, რომელსაც დატვირთული სალექციო, სასემინარო და ლაბორატორიული სამუშაოები აქვს, რამდენიმე გამოცდის დაწერა მოკლე დროის შუალედში დამატებითი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მოთხოვნები გვეხმარება ამ კამპუსის სტუდენტებს, არ შევუშინდეთ მოულოდნელობებს და პირიქით, ჩვენ მიზნებამდე გაუჩერებლად ვიაროთ, მიუხედავად პარალელურად არსებული აკადემიური დატვირთვისა და სხვა დაბრკოლებებისა.

ვინ ან რა გეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში ?
ჩემი აზრით, მოტივაციის შენარჩუნებაში უდიდეს როლს თამაშობს რამდენიმე საკვანძო ფაქტორი. ესენია მშობლების მხარდაჭერა, ლექტორების პროფესიონალიზმი და შთაგონება, ასევე მომავალზე ფიქრი. მიმაჩნია, რომ ოჯახისგან მიღებული ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათგან ჩემი აკადემიური ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ უპირობო მხარდაჭერას, რაც მაძლიერებს და მოტივაციას მაძლევს.
ამ პროცესში კი ჩემი შთაგონების წყარო უპირველესად ლექტორები არიან. ვფიქრობ, რომ ჩემს აკადემიურ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობენ ლექტორები. ისინი ჩემთვის არიან მენტორები, რომლებიც მიღვივებენ სფეროსადმი ინტერესს, მივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას და მეხმარებიან საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში. მათი პროფესიონალიზმი, მაღალი აკადემიური სტანდარტები და მხარდაჭერა ჩემთვის ნამდვილად არის ინსპირაციის წყარო.
სწორედ ეს ყველაფერი მაძლევს მოტივაციას, რომ აკადემიურ გზაზე უშიშრად ვიარო და დავსახო კიდევ უფრო ამბიციური კარიერული მიზნები.
რას ნიშნავს თქვენთვის NMG-ის სტიპენდიის მოპოვება და რა ემოცია გქონდათ, როდესაც ეს ამბავი შეიტყვეთ?
თავდაპირველად როდესაც ამ სტიპენდიის შესახებ შევიტყვე გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - ის რომ ჩემმა ორწლიანმა შრომამ, იმ ენერგიამ რაც ამ დროის მანძილზე ჩემს საქმეში ჩავდე შედეგი გამოიღო. რამდენიმე წამიანმა სიხარულმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა, რათა გავაგრძელო ის გზა, რომელსაც მივყვები. დარწმუნებული ვარ, ეს შეგრძნება ძალიან დიდხანს გამყვება.
თითოეულ ადამიანს და მათ შორის მეც დიდი სურვილი აქვს, რომ გახდეს შესამჩნევი. მართალია, ეს არ არის პირველი გამოცდილება „ ჩემი აღიარებისა“, მაგრამ ჩემთვის ამ სტიპენდიას სხვა დატვირთვა აქვს. ბუნებრივია ეს ვალიდაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად დატოვებს დიდ კვალს.
როგორ ხედავთ თქვენს პროფესიულ განვითარებას უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ?
უნივერსიტეტმა დამაფიქრა აკადემიის როლზე ადამიანის ცხოვრებაში! ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არის გარემო, რომელშიც სტუდენტის ცოდნა აკუმულირდება და შემდგომ ხდება სწორი მიმართულებით ამ ყველაფრის განვითარება. მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიული განვითარება უნდა დავუკავშირო აკადემიასა და სურსათის წარმოების საინჟინრო მხარეს. ცოდნის გადაცემისა და გაზიარების პროცესი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, შესაბამისად, კითხვაზე, თუ როგორ წარმომიდგენია ჩემი მომავალი უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ვისურვებდი: სურსათის წარმოების საინჟინრო მიმართულების სიღრმისეულად შესწავლასა და შემდგომ მის პრაქტიკაში დანერგვას სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად.
რას უსურვებდით ან რას ურჩევდით სხვა სტუდენტებს, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას და მიზნების მიღწევას ცდილობენ?
ჩემი რჩევა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას შემდეგნაირად ფორმულირდება: მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა უკან არ დაიხიონ და გააგრძელონ წინსვლა. მეტ შრომას მეტი წარმატება მოაქვს - ეს ფრაზა საკუთარ თავზე გამოვცადე სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევდი არ დაეზაროთ შრომა საკუთარი მიზნებისთვის და ნუ შეაშინებთ მარცხი, რომელიც ცხოვრების ნაწილია. ვფიქრობ რომ, პროგრესი არასოდეს არის წრფივი, დაბრკოლება უნდა აღიქვან არა მარცხად არამედ ერთგვარ უკუკავშირად, რომლითაც მიხვდებიან თუ რა უნდა გააუმჯობესონ.