საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ქართველ ხალხთან - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოპასუხე მხარე საკმაოდ კარგად არის მომზადებული და სამართლებრივად გამართული იყო მათი შუამდგომლობები, რასაც „ვერ ვიტყვით “ქართული ოცნების” წარმომადგენლობაზე”.
„ეს პროცესი სამართლებრივი არ არის და მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში არ არიან და წინასწარ არის ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მოპასუხე მხარეს სამართლებრივად გამართული ჰქონდა შუამდგომლობები. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართულ ოცნებას” უდაბლესი დონის წარმომადგენლობა ჰყავს. ისინი არათუ სამართლებრივად ვერ გადმოსცემენ რას ედავებიან, არამედ პროცესი ორი დღეა მიმდინარეობს და “ძლიერი საქართველო-ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის” საერთოდ ვერ გაიგეს, ისევე როგორც საკონსტიტუციო მოსამართლეებმა, რა მიემართებათ მათ და რა სხვა პარტიებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც “ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ქართველ ხალხთან. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ამ სასამართლო სხდომებზე”, - განაცხადა ანა წითლიძემ.