საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობა გადაუხადა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს. ვიცე-რექტორი კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მიესალმა, წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.

თავის გამოსვლაში სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის - „ხელისუფლება და საზოგადოება“ - მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ინტელექტუალური კაპიტალი არის უნივერსიტეტის მთავარი ფასეულობა და მსგავსი მაღალი რანგის საერთაშორისო პლატფორმები საუკეთესო შესაძლებლობაა თანამედროვე გლობალური გამოწვევების სამეცნიერო ჭრილში გასაანალიზებლად. ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებისა და კვლევითი პროექტების მოცულობით, მათ შორის, Horizon Europe-ის ფარგლებში, რაც ნათლად ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო-საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო კვლევით სტანდარტებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მუშაობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, საჯარო მმართველობის, ბიზნესტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ახალ თეორიულ და პრაქტიკულ ხედვებს ჩამოაყალიბებს და საფუძველს ჩაუყრის კიდევ ბევრ ერთობლივ აკადემიურ პროექტს.
„საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მრავალწლიანი უწყვეტი დინამიკა ადასტურებს მის აქტუალობასა და წონას თანამედროვე სამეცნიერო სფეროში. გლობალიზაციისა და ბიზნესტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, საჯარო მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების კომპლექსური ანალიზი მოითხოვს მრავალმხრივ ინტერდისციპლინურ მიდგომებს. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია გერმანელი კოლეგების ჩართულობა. ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობა ფორუმს არა მხოლოდ მაღალ ევროპულ აკადემიურ სტანდარტს სძენს, არამედ ქმნის ეფექტურ მექანიზმს ქართულ და გერმანულ საუნივერსიტეტო წრეებს შორის ცოდნისა და კვლევითი მეთოდოლოგიების პირდაპირი გაზიარებისთვის, რაც საფუძვლად უდევს ერთობლივი საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებას”, - განაცხადა ვიცე-რექტორმა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ დეტალურად ისაუბრა იმ აკადემიურ სიკეთეებზე, რასაც აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა ფაკულტეტის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის უზრუნველყოფს.

„ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის ეს კონფერენცია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან იგი პირდაპირ პასუხობს ჩვენს სტრატეგიულ მიზანს ინტეგრირებულ ვიყოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ჩართულობა, რაც ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში და გაეცნონ გერმანულ გამოცდილებას ბიზნესის, მენეჯმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინერგიის მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და სექციური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებას და საფუძველს ჩაუყრის ახალ, ერთობლივ ქართულ-გერმანულ კვლევით პროექტებს“, - განაცხადა დეკანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2026“, მუშაობა სამ სექციად გაგრძელდა: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.
სამეცნიერო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოიცემა საკონფერენციო ნაშრომების კრებული, მინიჭებული საერთაშორისო ინდექსით.