ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დიტო ჩუბინიძეზე - ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემა უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს - ველით პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები

ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს,- ასე ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის დაკავებას.

ქარტია გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურას საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„ჟურნალისტის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს.

ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის.

პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჩანს - სწორედ ამის გამო, ქარტია ყურადღებით მიადევნებს თვალს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ სტანდარტების შესრულებას, რასაც ბრალად წარდგენილი მუხლი უნდა აკმაყოფილებდეს.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ