„ძლიერი საქართველო - ლელომ“  ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შესახებ შუამდგომლობა წარადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წარადგინა შუამდგომლობა ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევისა და მისი მოსაზრებების მოსმენის შესახებ.

კერძოდ, მათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიმართეს თხოვნით, მოწვეულ იქნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები: ვერონიკა ბილკოვა, სრდან დამრანოვიჩი და კარლო ტუორი.

როგორც წარდგენისას აღინიშნა, შუამდგომლობის მიზანია, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, უშუალოდ მოისმინოს ექსპერტების პროფესიული მოსაზრებები სადავო საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის, მათი შესაძლო სამართლებრივი შედეგებისა და ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ექსპერტების მონაწილეობა ხელს შეუწყობს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის სრულყოფილ გამოკვლევას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პოლიტიკური პლურალიზმის, პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური კონკურენციის დაცვის გარანტიებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ასევე, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წარადგინა კიდევ ერთი შუამდგომლობა, სადაც ითხოვს მის მიერ 2025 წლის 28 ოქტომბერს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის #1907 არსებითად განსახილველად მიღებას, რომლითაც სადავოდ არის გამხდარი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმების კონსტიტუციურობა.

სარჩელის მიზანია, სასამართლომ შეაფასოს სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებთან, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაერთიანების თავისუფლებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, პოლიტიკურ პლურალიზმთან და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ გარანტიებთან, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აღნიშნული უფლებები და პრინციპები სარჩელშია დასაბუთებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ