პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი, ტომაშ სემონიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს.
საქართველოს 22 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილია რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში.
სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ განვითარდეს”, - წერს სემონიაკი.
ცნობისთვის, საუბარია პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაზე, რომელიც პოლონეთში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა.
აღნიშნულ საქმეზე, 18 ივნისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 36 წლის ელნურ ა. - დააკავეს ვარშავის მახლობლად. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, აგვისტოში, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კიდევ ერთ მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული.