დავით უსუფაშვილი - ბრძოლას გავაგრძელებთ არარეგისტრირებული კავშირის ფორმატში, იმედგაცრუება არ უნდა დაგვემართოს, გვჭირდება მეტი შემოქმედებითი მიდგომა, ახალი გზების გამოძებნა - საბჭოთა სისტემაშიც კი ამოიზარდა არაფორმალური ძალები

პარტიების აკრძალვა არის ქვეყნის დაბრუნების მცდელობა არა მხოლოდ უბრალოდ რუსულ ორბიტაზე, არამედ, ზუსტად იმ საბჭოთა წარსულში, სადაც ჩარჩა რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა - მთელი ეს დამოკიდებულება არის საბჭოური ტიპის ერთმმართველობა, ერთპარტიულობა, ბელადომანია და ამ სისტემაზე ჩამოკიდება. “ქართულმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვით გადაწყვიტა, საერთოდ გააუქმოს არჩევნებიც , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვის მცდელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პროცესია, რომელსაც საკონსტიტუციო გადატრიალება ჰქვია.

მისივე განმარტებით, “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ საკუთარი ოპოზიცია ჰყავდეს, რომელიც იერარქიულად მასზე იქნება დაქვემდებარებული.

“რაც ხდება, ამაზე შეჯერება საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის რთული არ არის. უფრო რთულია გამოსავლის პოვნა, მაგრამ მაინც სწორია, რომ კიდევ ერთხელ თვალი გავუსწოროთ რეალობას, რაშიც საქართველო აღმოჩნდა 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლოს - საქართველოს “ქართული ოცნება” მიაქანებს ფართო ნაბიჯებით საერთაშორისო იზოლაციისკენ, თავისუფალი სამყაროსგან გარიყულობისკენ, ერთპარტიულობისკენ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მტრებად შერაცხვისკენ, ყველაფერ იმისკენ, რაც ჩემი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს იმიტომ, რომ მოვასწარით იმ პერიოდში ცხოვრება, როდესაც ჩართავდი საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხს“ და ისმენდი ერთი ერთში იმას, რასაც დღეს რამდენიმე სახელისუფლებო არხი გვეუბნება. ისინი გვეუბნებიან, რომ დასავლეთი, ევროპა, ამერიკა, თავისუფალი სამყარო არის საქართველოს მტერი, საქართველოსთვის იდენტობის წართმევა უნდა და ა.შ.. მოისმენ, რომ ერთი მმართველი პარტიის გარდა, ყველა დანარჩენი არის საბოტაჟის მომწყობი, სახელმწიფოს მტერი, არაკონსტიტუციური პარტია, გადატრიალების მსურველი და ა.შ.. ტელევიზორში, ასევე ვისმენთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებიც არ მიყვებიან სახელისუფლებო ინსტრუქციას, სახელმწიფოს მტრები არიან. ვისმენთ ისეთივე ხოტბა-დიდებას მმართველი პარტიის დღევანდელი საპატიო თავმჯდომარის, როგორც ვისმენდით მაშინდელი პოლიტბიუროს თავმჯდომარისას და ა.შ.

ჯამში, ეს არის ქვეყნის დაბრუნების მცდელობა არა მხოლოდ უბრალოდ რუსულ ორბიტაზე, არა, ზუსტად იმ წარსულში, სადაც ჩარჩა რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება.

ხელისუფლება ახლა უკვე, სრულიად აშკარად, საკონსტიტუციო სასამართლოში მოგონილი ბრალდებებით ამბობს, რომ ჩვენ ავკრძალავთ ამ პარტიებსო, იქვე, იმ სარჩელში არის კიდევ რამდენიმე პარტიის ჩამონათვალი და მათაც ავკრძალავთ, თუ ოდნავ მოძლიერდებიან და საერთოდ, ჩვენ დავნიშნავთ ოპოზიციასო, ამათი აკრძალვის შემდეგ ჯანმრთელი და სწორი ოპოზიცია გაიხარებს ამ ქვეყანაშიო. ვინ ეკითხება მმართველ პარტიას, ვინაა ჯანმრთელი ან არაჯანმრთელი ოპოზიცია? ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ხალხის გადასაწყვეტი. “ქართული ოცნების” გადმოსახედიდან ჯანსაღი არის ის ოპოზიცია, რომელიც არის მასზე იერარქიულად დაქვემდებარებული და მის მითითებებს ასრულებს.

მთელი ეს დამოკიდებულება არის საბჭოური ტიპის ერთმმართველობა, ერთპარტიულობა, ბელადომანია და ამ სისტემაზე ჩამოკიდება. “ქართლმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვით გადაწყვიტა, საერთოდ გააუქმოს არჩევნებიც. მათ სურთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ესეც გაცხადებული აქვთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ქართული ოცნების” ნარატივზეც ისაუბრა, რომელიც პარტიების აკრძალვის შემდეგ ახალი პარტიებისა და ახალი ოპოზიციის გამოჩენას უკავშირდება.

უსუფაშვილის თქმით, თუ ახალი პარტია პროდასავლური კურსს აირჩევს და სასამართლოსა და ზოგადად ქვეყნის თავისუფლებაზე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს, ზუსტად იმ დარბაზში აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე, სადაც ეს ორი დღეა, ასაკრძალი პარტიების წარმომადგენლები არიან.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, პოლიტიკური პარტიებიც უნდა შეიქმნას, ვინც აგვკრძალეს, ჩვენც გავაგრძელებთ არარეგისტრირებული კავშირის ფორმატში, მაგრამ იმის იმედად ყოფნა, რომ აი, დავიღალეთ ამ პარტიებით და ახლა ახლები უკეთესები გამოჩნდებიან და ისინი უშველიან ამ ქვეყანასო… თუ ის უკეთესები გამოჩნდებიან და იტყვიან, ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთიო, გვინდა თავისუფლება და არა მონობაო, სასამართლო უნდა იყოს თავისუფალიო, თუ ეს პარტია იტყვის, რომ ჩვენ არ გვინდა იზოლირება ცივილიზაციური პროცესებისგანო, რომელიც იტყვის, რომ რუსეთს უნდა მოეკითხოს პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინაო, ყველა ასეთი პარტია იმ ე.წ. სარჩელით აღმოჩნდება იმავე ოთახში, სადაც ახლა ხუთი პარტიის წარმომადგენლები სხედან”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, პარტიების აკრძალვიდან მალევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ პარტიების გაუქმებას არ უკავშირდება. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბევრად სერიოზული პრობლემები აქვს და მისთვის ჯერ ამ პრობლემების მოგვარებაა პრიორიტეტული, თუმცა, უსუფაშვილის განმარტებით, ივანიშვილის ამოცანა ნამდვილად არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომ შემდეგ ხალხს კონსტიტუციით აპელირების საშუალება არ მისცეს.

“ქართული ოცნების” ლიდერი სინამდვილეში მრავალმხრივ კრიზისშია. ოპოზიციური სპექტრი და ეს პოლიტიკური ძალები ერთი თემაა, ამ მიმართულებით მათ [“ქართულ ოცნებას”] დიდი ხანია ეს ტაქტიკა აქვთ არჩეული, რომ საქართველოს მოსახლეობა ამყოფონ შიშში, რომ თითქოს ყველა სააკაშვილის მითითებებით ვმოქმედებთ, ეს ერთი და მეორე - დასავლეთის, რომელიც თურმე ომისკენ გვიბიძგებს. ანუ, საქართველოს საღად მოაზროვნე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თუ ეტყვი, რომ ვინმე ომში ჩართვისკენ გიბიძგებს და ამას დააჯერებ, რა თქმა უნდა, შეშფოთდება. თუ ეტყვი, რომ სადაცაა ძველი ხელისუფლება დაბრუნდება და ისევ იქ იცხოვრებს, სადაც მანამდე ცხოვრობდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი რა თქმა უნდა, შეშფოთებული იქნება და ამ შიშების გასაძლიერებლად “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მოდელი ძალიან მარტივია - ყველას უნდა დაარქვან “ნაციონალი”, სააკაშვილის მომხრე და ამიტომაც, ყველა ერთად დაგვსვეს ის [საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში] და ჩვენი მოთხოვნა, რომ საქმეები გამოყონ, რადგან ეს პარტიები ერთმანეთთან კავშირში არ არიან, მაგრამ ეს არის ერთი თემა.

თუმცა, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარი პარტიის შიგნითაც. იმ ტიპის მოვლენები, პროცესები და სკანდალები, რაც ვითარდება და რომლის მოკვარახჭინებასაც აპირებდა, ვერ მოაგვარა. ამიტომ მას ამ წუთში შეიძლება თავისი შიდა ამბების შფოთი უფრო აქვს, ვიდრე სხვა რამის და მესამე არის საგარეო ფაქტორი - სანქციები და მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური თემები. ამიტომ, არჩევნებს როდის დანიშნავს, ეს არ არის მხოლოდ ამ პარტიების აკრძალვაზე დამოკიდებული, მაგრამ მისი ამოცანა რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა, რათა მერე კონსტიტუციის აპელირების საშუალება მოუსპოს ხალხს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან ასევე იმ ვითარებიდან გამოსავალზეც ისაუბრა, რომელიც პარტიების შესაძლო აკრძალვის შემდეგ დადგება. უსუფაშვილმა მაგალითად კომუნისტურ რეჟიმში ჩატარებული არჩევნები მოიყვანა, სადაც ერთი პარტიის გარდა სხვა ოფიციალურად აღიარებული პარტია არ არსებობდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ასევე გამოსავალი მოიძებნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო ბლოკები აკრძალა.

“2024 წლის არჩევნებისთვის “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო ბლოკები აკრძალა. ანუ რამდენიმე პარტიის ერთობა არჩევნებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ მოინახა გამოსავალი - კონკრეტული პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში სხვა პარტიის წარმომადგენლები იმ სიაში მის სიაში ჩაეწერნენ ისე, რომ მათი პარტია არ მონაწილეობდა არჩევნებში. ტექნიკური გზა მაინც მოინახა.

ახლა მათ განზრახული აქვთ უფრო მეტი, რომ „აკრძალული პოლიტიკური პარტიის ლიდერები თუ იყავითო, თქვენ სხვაგან ვერასდროს ვერაფერში მონაწილეობას ვერ მიიღებთო“. აქ მთავარი სხვა რამეა, ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს ამ პროცესებით იმედგაცრუება კი არ უნდა დაგვემართოს, პირიქით, ამას სჭირდება მეტი დაფიქრება, მეტი შემოქმედებითი მიდგომა, მეტი მოქნილობა, მეტი პრინციპულობა და ახალი გზებისა და საშუალებების გამოძებნა.

უნგრეთში, სადაც ორბანს, ამათ რომ არ დაესიზმრება, ისეთი სისტემა ჰქონდა შექმნილი და ისე აკონტროლებდა თითქოს ყველაფერს, მაგრამ გამოინახა მოდელი, გამოინახა ლიდერი, რომელმაც ეს პროცესი წაიყვანა.

ვერანაირი ოცნების რეჟიმი ვერ იქნება იმაზე უფრო მძლავრი, ვიდრე საბჭოთა სისტემა იყო, თუმცა იქაც ამოიზარდა ის ძალები, რომელსაც ჩვენ არაფორმალურ ორგანიზაციებს ვეძახდით იმიტომ, რომ არცერთი არ იყო რეგისტრირებული.

1990 წლის არჩევნებისთვის არცერთი ოპოზიციური პარტია არ იყო რეგისტრირებული და ოფიციალურად აღიარებული, მაგრამ მაშინ კომუნისტურ პარტიას მოუწია დათანხმება იმაზე, რომ არარეგისტრირებული კავშირები სარჩევნო სუბიექტებად დაგვერეგისტრირებინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იქ კი 27 პარტია დარეგისტრირდა და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ამიტომ, ამ პროცესებს ასე მარტივად, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ვერ მოაგვარებენ, ეს გამორიცხულია. უბრალოდ, ჩვენ ვკარგავთ ძვირფას დროს, ძვირფას რესურსს და ჩვენს მომავალს ართულებს, მომავალი თაობებისთვის იმ გზის ხელახალი გავლის აუცილებლობას ქმნის, რომელიც უკვე გავლილი გვაქვს და თან იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო წესრიგი მსოფლიო უწესრიგობად იქცა და იმ მსოფლიო წესრიგში, სადაც საქართველოს ჰქონდა სერიოზული, ნახტომისებრი განვითარების საშუალება, ახლა კასპიის ზღვის იქეთ მყოფი ქვეყნების სიაში ჩავეწერეთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ