ადვოკატი - დიტო ჩუბინიძეს ბრალი წაუყენეს - ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა.

ჟურნალისტს ბრალდება ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს.

„ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენეს ბრალი, რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით, დიტო ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ის რამეში დამნაშავეა, ის მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი და იღებდა ინფორმაციას, რასაც აშუქებდა. მისი პოზიცია ასეთია, ის მზად არის ბრძოლისათვის“, - აცხადებს ფილაური.

კითხვაზე, თუ რას უკავშირებს დიტო ჩუბინიძე დაკავებას, ან ხომ არ უკავშირებს ის აღნიშნულს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილში მის ხსენებას, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„ეს კითხვა მეც გამიჩნდა და დავუსვი, ის იცნობს ირაკლი ღარიბაშვილის გამოქვეყნებულ მასალებს. ვკითხე, ხომ არ იცნობს მას პირადად, ხომ არ ჰქონია მასთან კომუნიკაცია, რაზეც მიპასუხა, რომ საერთოდ არ ვიცნობ, როგორც ყოფილ პოლიტიკოსს, ისე ვიცნობ, სატელეფონო კომუნიკაციაც კი არასდროს მქონია მასთანო. ცოტა გაკვირვებულია, სხვათა შორის, მან უფრო ვერ დააკავშირა ეს დაკავება მასთან, საზოგადოებას გაუჩნდა ეს კითხვა, მათ შორის, მეც და ლოგიკური იყო, ეს კითხვა დამესვა“, - განაცხადა ფილაურმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ