საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები პარტნიორ კომპანია „ნიკორას“ ესტუმრნენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესის ადგილზე გაცნობა და საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღება. სტუმრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ გუგული ყურაშვილს, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორებს - ავთანდილ ადეიშვილსა და ბესიკ შერაზადიშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპს, გაცნობოდნენ ადგილობრივი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და პროდუქციის შექმნის პროცესს.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - ნატო ქათამაძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა პროფესიული ხედვის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ცოდნის გაზიარებას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტების ინტერესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებას. ამ მიზნით, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ შრომის ბაზარზე წარმატებულ პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან, რათა ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.

გერმანელი სტუდენტებისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის გასაცნობად გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია - „ნიკორა“. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის შეფუთვამდე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტმა სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, კომპანია „ნიკორას“, კერძოდ, ბრენდ „ნიკორას“ გენერალურ მენეჯერს, კონსტანტინე შატაკიშვილს, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის, მისი სპეციფიკისა და პროდუქციის შექმნის ეტაპების შესახებ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს