თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა არის ის მიმართულება, რაც ყველას საერთო ინტერესშია.
„საქართველოს აქვს საკვანძო როლი. ცენტრალური აზიისთვის ჩვენი მნიშვნელობა განისაზღვრება ბევრი მიმართულებით, ბევრ კონტექსტში. პირველი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, პრაქტიკულ კავშირებზე, როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ბაზრებთან წვდომაზე და დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა, რომ ცენტრალური აზიისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.
თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც გვაქვს რეგიონში, იმ კონფლიქტებს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, რათა პრაქტიკული თანამშრომლობა გავაძლიეროთ. ტრანსპორტი და ლოჯისტიკა არის ის მიმართულება, რაც ყველას საერთო ინტერესშია. კავშირების გაღრმავება მოითხოვს ინსტიტუტებს შორის რეგულარულ თანამშრომლობას, ამიტომ პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში, ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა.
საქართველოში იმყოფებიან თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი.