ნინო წილოსანი - რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით

ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით და ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არგუმენტების გარეშე პროცესის გაწელვას ცდილობს, უნდობლობას აცხადებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და გარედან დახმარებას იშველიებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ თავად ამ პარტიების წარმომადგენლებიც ყველა მათ განცხადებაზე ადასტურებენ იმ სარჩელს და ბრალს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთი მხრივ, ყოველ ჯერზე აცხადებენ უნდობლობას და პრინციპში სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ თავდასხმის მცდელობები აქვთ. მეორე მხრივ კი, მუდმივად იშველიებენ გარედან დახმარებას. ჩვენ დავინახეთ ასევე გარედან წამოსული განცხადებები, რომელიც ამ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს ამხნევებს გარედან.

ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გამოჩნდა, არის მათი მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობა. სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ითხოვენ შუამდგომლობებს. მოსამართლეების მხრიდან დაზუსტების მცდელობა ასევე უშედეგოდ სრულდება, რადგან მათ ეს მოთხოვნის სურვილიც აქვთ და არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ. გადავდივართ უკვე სასამართლო განხილვების მეორე ეტაპზე, რომელიც კიდევ უფრო უკეთ დაანახებს ჩვენს საზოგადოებას, მხარდამჭერებსა და ზოგადად მთლიან საზოგადოებას, თუ რა ბრალი წარვუდგინეთ „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა აიკრძალონ აღნიშნული პარტიები.

ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ნაცვლად ჩვენ გვყავდა რევოლუციური პარტიები, დაჯგუფებები, რომლებიც მათი აღზევების თუ დავარდნის პერიოდში მუდმივად ახორციელებდნენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ შემდგომში დაკარგეს ხელისუფლება, ყოველ ჯერზე შეგვიძლია დასაბუთებულად მოვიტანოთ და შესაბამისი სარჩელიც არის წარდგენილი, რა ზიანს და მავნებლობას აკეთებდნენ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ანტიკონსტიტუციურად ამ პარტიების ცნობა არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვენ ქართველ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას დავპირდით, ხოლო მეორე, ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, რადგან ყველა ის სუბიექტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციურ ნორმებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისად პასუხგაცემული,”- განაცხადა წილოსანმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს