უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, ეუთო, ALDE, ევროკომისიის პრესსპიკერი - მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, “დასავლელი პარტნიორების განცხადებები რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას ემსახურება”.
„უცნაურია, რამ აღაშფოთა ჩვენი ევროპელი ბიუროკრატები, ეუთო, ALDE, ევროკომისიის პრესსპიკერი. მათ ხომ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიები აკრძალული? ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე, ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომელიც აიკრძალა და არა მხოლოდ, მათ შორის კანდიდატ სახელმწიფოებშიც და იმ სახელმწიფოებში, რომელსაც ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ შემთხვევაში, ერთადერთს ვხედავთ მათი მხრიდან, ამ მართლაც რომ დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური დაჯგუფებების მხარდაჭერას და მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ეხმიანება იმ უსუსურ მცდელობას, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად გაიმართლონ თავი.
პროცესი იმდენად სამართლებრივია, რომ წარმოუდგენელია ამას პოლიტიკური შეფასებები სჯობნიდეს. შესაბამისად, თუ რაიმე პროცესი შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ეს არის თავად სტრასბურგის სასამართლოში მათი მხრიდან რაიმე მცდელობა. თუმცა ვფიქრობ, იმდენად მყარად არის არგუმენტირებული და, რაც მთავარია, ყოველი მათგანის მოქმედება მათ შორის დღესაც კი ადასტურებს მათ ანტიკონსტიტუციურობას და იმ დანაშაულებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ვფიქრობ, ნულია იმის შანსი, რომ რაიმემ ხელი შეუშალოს ამ პროცესს,” - აღნიშნა წილოსანმა.