პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას, კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პროცესზე აღნიშნა, კონკრეტული პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხო, რადგან მოსარჩელე მხარეს თავის სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის საფუძველთა შორის ეს საქმეები აქვს დასახელებული.
„სასამართლო სხდომაზე უნდა მობრძანდნენ და მოწმის საკითხის დაიკითხონ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო პარტია“ქართულიო ოცნების“ თავმჯდომარე, რომლის წარდგენითაც გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და არ გამიჯვნია არც ჩორჩანას და არც 20 ივნისს, ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ გამიჯვნის საკითხი 20 ივნისიდან და ჩორჩანიდან ახლა მანიპულაციური მიზნებით პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარმოდგენილი თავის კონსტიტუციურ სარჩელში; კახა კალაძე, რომელიც იყო მაშინ „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი და არ გამიჯვნია ამ საკითხს, ბატონი კობახიძე, რომელიც არ გამიჯვნია კი არა, ავტორიც იყო, პასუხისმგებელი, 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რაც ამ ქვეყანას დაატყდა თავს და მისი უმრავლესობის ლიდერობის პერიოდში გიორგი გახარია წარსდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ნდობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა; არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მამუკა ბახტაძე და მას სპეციფიკური ნაწილი აქვს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ არა თუ მისი განცხადება არ მოგვისმენია ჩორჩანასთან და 20 ივნისთან დაკავშირებით, არამედ არც გამოჩენილა. ვახტანგ გომელაური, რომელიც იყოს სუს-ის ხელმძღვანელი, საინტერესო იქნება მისი მოსმენა აქ. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას, რომელმაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტში გააგზავნა ანგარში ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ქართული საპოლიციო საგუშაგო აგებულ იქნა ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით სოფელ ჩორჩანაში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 240 მეტრის დაშორებით და ამ პერიოდში მცოცავი ოკუპაციის საფრთხეები იყო განსაკუთრებულად მომეტებული. გრიგოლ ლილუაშვილის ამ დასკვნას საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა; გია ვოლსკი, რომელიც ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც ვრცელი ინტერვიუ აქვს მიცემული, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე“,- განაცხადა ბედია სიჭინავამ.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა 5 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჩორჩანას საკითხზე დანაშაული იყო ჩადენილი.
„ბატონმა ივანიშვილმა 2019 წელს 24 აგვისტოს ჩაიდგა საგუშაგო ჩორჩანაში, საკუთარი ხელმოწერით წარადგინა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი კვირის ვადაში, 2 სექტემბერს, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობის გამოსაცხადებლად. მაშინ არც ბიძინა ივანიშვილი არ გამიჯვნია ამ გადაწყვეტილებას და არც ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 2019 წელს 90 ხმით ნდობა გამოუცხადა გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს. მაშინ გამიჯნულები კი არა გამიჯნურებულები იყვნენ 2019 წლის პერიოდში გიორგი გახარიაზე ეს ადამიანები, მაგრამ 5 წლის თავზე აღმოაჩინეს რომ დანაშაული იყო ჩადენილი.
ასევე, 20 ივნისის საკითხზე- მოსარჩელის მტკიცებით, 2019 წლის ივნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ, რის შედეგადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. 20 ივნისი არის საკითხი, რომელზეც საზოგადოება ვერ თანხმდება. მეც მგონია, რომ ეს იყო გულწრფელი პროტესტის დღე და საღამოს მიუღებელი იყო ის ქმედებები, რაც ხორციელდებოდა პარლამენტის შტურმისკენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების საფუძვლად წარმოდგენილი აქვთ პარლამენტზე შტურმი და პარლამენტის მოგერიებაც, თურმე პარტიის აკრძალვის საფუძველია“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას შუამდგომლობის წარდგენა მოკლე რეპლიკებით რამდენმა შეაწყვეტინა მოსარჩელე მხარემ, ერთ-ერთი რეპლიკა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატს თენგიზ შარმანაშვილს ეკუთვნოდა, რაზეც ბერდია სიჭინავამ ასევე რეპლიკით უპასუხა: „თქვენ გამოცდილება გაქვთ ამ საკითხში 90-იანი წლებიდან“.
მოსამართლემ, როგორც თენგიზ შარმანაშვილი, ასევე, ბერდია სიჭინავა გააფრთხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა ბერდია სიჭინავას მოწოდება, თენგიზ შარმანაშვილი დარბაზიდან ყოფილიყო გაძევებული.
„ბატონო თენგიზ, მოგიწოდებთ წესრიგისკენ, ბატონ ბერდიასაც, ძალიან ცუდი რეპლიკა იყო, ამიტომ ორივეს გაძლევთ შენიშვნას.
მე ქალბატონი ხატია გავაძევე სულ სხვა მოტივით, წამოძახილებისთვის მე ვინმე რომ გამეძევებინა, ან პარლამენტის, ან მოპასუხე მხარე, ახლა არც ერთი არ იქნებოდით აქ და სხდომა არ გადაიდებოდა სხვათა შორის“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.