საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება.
გარდა ამისა, როგორც ნადარაიამ განაცხადა, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება, გადაწყვეტილებასაც სწორედ ორშაბათს გამოაცხადებს და ამის შემდეგ გადავა პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე.
„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ ორშაბათს და ამავდროულად, გადავალთ არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი იქნება დანიშნული. არ ვეკითხები არცერთ მხარეს, ყველა არის ვალდებული, რომ მობრძანდეს!“- განაცხადა ნადარაიამ.
ნადარაიას გადაწყვეტილების საპასუხოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის თხოვნა იყო, რომ მოსამართლეს საორგანიზაციო საკითხების მოსაწესრიგებლად ერთი სამუშაო დღე, მაგალითად ორშაბათი, გამოეთავისუფლებინა. „ოფიციალურ უწყებებს რომ მივმართოთ, ერთი ორშაბათი მაინც მოგვეცით. მთელი სამუშაო დღეები თუ ჩვენ აქ ვიქნებით, ერთი დღე მაინც მოგვეცით, რომ საორგანიზაციო საკითხებს მივხედოთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „დასვენება პლენუმის წევრებსაც დასჭირდებათ და ამისთვის 2 ნოემბრის კვირის გამოყოფა შეიძლება“.