GCCA-მ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

GCCA-მ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტარიელ გიორგაძემ 22-23 ოქტომბერს აჭარის რეგიონში - ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს, ტარიელ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს GCCA-ის საქმიანობა, მისი მანდატი და უფლებამოსილებები გააცნო.

„განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე. მან განიხილა მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობები.

პრეზენტაციის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა.

დამსწრეებს GCCA-ის წარმომადგენელმა დეტალურად გააცნო პორტალის მუშაობის პრინციპი, პრაქტიკულობა და მიზანი - ფინანსური დანაზოგის გასაკეთებლად, მომხმარებელმა შეძლოს ერთიან ელექტრონულ სივრცეში საბაზისო სასურსათო და არასასურსათო პროდუქტებზე არსებული ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, კერძოდ, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების გამარტივებულად შედარება და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამასთან, პორტალი ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები GCCA-ს მიერ ცნობიერების ამაღლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილია.

შეხვედრები მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.