ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის შესახებ ევროპარლამენტის განცხადებაზე - ამ სარჩელის წარმატების გარეშე დავრჩებით პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში და ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას და მის მეგობრებს

იმედი გვაქვს, რომ სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მმართველი გუნდის სარჩელი „ჩაკეტილი წრის გარღვევას“ ემსახურება.
„თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ ეს მოთხოვნა ფარსი იყო ერთადერთი, მარტივი მიზეზის გამო, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას საქართველოში, სწორედ, რომ პოლარიზაციაა. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში და ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ, მარტივ რამეს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე, ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს, უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და დარჩეს დაუსჯელი, ვიღაც შეიძლება წლების მანძილზე აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი? ეს რა თქმა უნდა, არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ეს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე, ისაუბრა ორმაგ სტანდარტებზეც.
„ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითი - 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, პრინციპში, იმიტომ რომ ეს არის აბსურდი… ვერც იტყოდნენ, პრინციპში, იმიტომ რომ ეს არის აბსურდი, თუმცა, რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. ეს არის ძალიან მკაფიოდ რაც ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენს გარშემო ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, იგივე მოლდოვა არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა, იქაც არავითარი კომენტარი, რაიმე არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ",- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ზოგადად, საერთაშორისო შეფასებებს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე, კობახიძე ამბობს, რომ „ეს არის პოლიტიკური ჩარევის ძალიან უხეში და მკაფიო მცდელობა”
მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
„ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ეს პირდაპირ უპირისპირდება, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი
ჩვენს მართლმსაჯულებაში, ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის, მხოლოდ და მხოლოდ უხეში, პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

























