შსს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახი აქციას მართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, კერძოდ კი შენობის მოპირდაპირე მხარეს, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.
ისინი დადიანიძის გაუჩინარების საქმის სწრაფ გამოძიებას მოითხოვენ.
აქციას შეუერთდნენ გურამ დადიანიძის მამა და მამიდაც.
,,ალბათ ალბათ ყველამ იცით, რომ 12 წელი ტანჯვა-წამებით ვიცხოვრე, ვეძებდი ერთადერთ დაკარგულ შვილს. გურამი მაგ დროს დამეკარგა, როცა უნდა გამეხარა. მაგრამ 12 წლის განმავლობაში გამოძიებამ არაფერი გამიკეთა. თქვენი თანადგომით ერთიანი ძალებით საქმე გადმოვიდა თბილისში",- განაცხადა გურამ დადიანიძის დედამ სოფო ბიბილაშვილმა.
უშუალოდ შსს-ის შენობის წინ პოლიციაა განლაგებული.
ცნობისთვის, დადიანიძის დედის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაუჩინარების საქმის თბილისის პოლიციაში გადმოგზავნა იყო, რაც დაკმაყოფილდა. რაც შეეხება თავად საქმეს, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

























